კვიპროსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გაერო-ში საჩივარს შეიტანს.
კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გაერო-ში საჩივარს შეიტანს, რადგან მიიჩნევს, რომ „ანკარას კუნძულის სეპარატისტულ ჩრდილოეთზე სრული კონტროლის დამყარება სურს“ – მედიის ცნობით, ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა.
კვიპროსის პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კვიპროსელ თურქებთან ფინანსური დახმარების ახალი შეთანხმება გააფორმა, ასევე, ცვლილებებია საჰაერო მიმოსვლაშიც, რაც თურქეთის სურვილების ღია დემონსტრირებაა.
ანასტასიადესმა აღნიშნა, რომ ის აგრეთვე გააპროტესტებს თურქეთის ნაბიჯს კვიპროსელი თურქების მთავარი აეროპორტის შიდა ფრენის მარშრუტად დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად მას თურქულ აეროპორტად გადააქცევს.
მედია წერს, რომ კვიპროსელი თურქების ლიდერმა, ერსინ თათარმა უარყო ანასტასიადესის განცხადებები, როგორც „კვიპროსელი ბერძნების პროპაგანდა“. ერსინ თათარმა ასევე განაცხადა, რომ ფინანსურ გარიგებას „დიდი მნიშვნელობა“ ჰქონდა კვიპროსელი თურქების ეკონომიკის აღსადგენად. დასავლური მედია წერს, რომ შეთანხმება თურქეთის მოქალაქეებს კუნძულზე ქონების შეძენას გაუადვილებს.
წყარო: 1tv.ge