რუსეთში ბენზინი რეკორდულად გაიაფდა. საქართველო იაფი რუსული ბენზინით და ნავთობით სარგებელს პოულობს

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო რუსული ნავთობის საფასო უპირატესობაზე. ანგარიშიდან ირკვეოდა, რომ რუსული საწვავის ღირებულება იყო უფრო დაბალი, ვიდრე რუმინეთიდან და ბულგარეთიდან შემოტანილი საწვავი.

ამასობაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ საკუთრივ რუსეთში ბენზინის საბირჟო ფასები რეკორდულად დაეცა.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ასე ნაწილდება:

● რუმინეთი – იმპორტის 31.2%;
● ბულგარეთი – იმპორტის 24.1%;
● რუსეთი – იმპორტის 17.8%;
● აზერბაიჯანი – იმპორტის 14.7%;
● თურქმენეთი – იმპორტის 12%.

bm.ge-იმ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს შემოაქვთ ქვეყანაში რუსეთიდან ყველაზე მეტი საწვავი. ოფიციალური უწყებიდან მიღებულ პასუხში წარმოდგენილია ხუთი კომპანია (არარიგითობით), რომლებმაც რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს. წარმოდგენილ სტატისტიკაში საქართველოს ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარი მოთამაშე შედის. მათ შორის ერთი – “ლუკოილ ჯორჯია” რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” შვილობილია და ის რუსული საწვავის იმპორტით არის დაკავებული. სტატისტიკაში მითითებული არაა არც კომპანიების რიგითობა და არც მათ მიერ შესყიდული რუსული საწვავის მოცულობები.

ტოპ ხუთი კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში ყველაზე მეტი რუსული ნავთობი შემოიტანეს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

● შპს ლუკოილ-ჯორჯია;
● შპს რომპეტროლ საქართველო;
● შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
● სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
● შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი).

 

წყარო: ბიზნესმედია