ესპანეთის მთავრობამ უკრაინა “გადააგდო” – გერმანული ტანკები არ იქნება; ამასობაში კიევი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუპირისპირდა

ამ ამბავმა დიდი მღელვარება გამოიწვია ბერლინში გასულ შაბათ-კვირას: ყოველდღიური გაზეთ “El Pais”-ის ცნობით, ესპანეთის მთავრობა განიხილავს უკრაინაში 40-მდე ძველი “Leopard-2” საბრძოლო ტანკის გაგზავნას, რომელიც ესპანეთმა 1990-იან წლებში იყიდა გერმანული სამხედრო ინდუსტრიისაგან.

Leopard-2 A7

ასეთი ქმედება მადრიდის მხრიდან, პოლიტიკურად ძალიან დელიკატურ ელფერს იძენს, განსაკუთრებით გერმანიისთვის: ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა უკრაინაში თანამედროვე ტიპის ტანკებს გაგზავნიდა. კანცლერ ოლაფ შოლცზე ზეწოლა, რომ საბოლოოდ ჩაერთოს ამ პროცესში, უკიდურესად გაიზრდებოდა.

მაგრამ გერმანიის სამთავრობო წრეებიდან, გამოცემა “Business Insider”-ის ინფორმაციით, სავარაუდო შეთავაზება მადრიდიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. საქმის ვითარების მცოდნე ადამიანების თქმით, მადრიდის შეთავაზებაში უკრაინისადმი, ახლა მაქსიმუმ ათი ტანკია. და ეს რიცხვიც კი გაურკვეველია, რადგან ტანკები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია და შესაკეთებელია, რაც თვეების საკითხია. ყველა შემთხვევაში, ამ ტანკების მესამე მხარისათვის მიწოდება ჯერ ესპანეთის მთავრობის შიგნით უნდა იყოს კოორდინირებული. გამოცემის ინფორმაციით, ეს აღიარეს ესპანელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ესპანეთის მთავრობიდან გერმანიის ფედერალურ მთავრობას ბოდიშიც მოუხადეს, ვნებათაღელვისა და კანცლერზე ზეწოლის გამოწვევის გამო.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის ფედერალურ მთავრობას არ მიუღია თხოვნა მადრიდიდან, უკრაინაში ესპანური ტანკების მიწოდების შესახებ. ორმხრივი გერმანულ-ესპანური ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გერმანიის მთავრობა უნდა დათანხმდეს გერმანული წარმოების შეიარაღების გადაყიდვას მესამე ქვეყნებში. ეს რეგულაციები მიზნად ისახავს, თავიდან იქნას აცილებული გერმანული საბრძოლო იარაღის გამოყენების შესაძლებლობა დიქტატურების მიერ, სამოქალაქო ომებში, ან ბავშვი-ჯარისკაცების მიერ.

ამასობაში ოფიციალური კიევის დაპირისპირება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და მის დირექტორ რაფაელ გროსისთან, მწვავდება.

უკრაინა უარს ამბობს IAEA-ს ხელმძღვანელის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყოველგვარ შემოწმებაზე, სანამ ბირთვული ობიექტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტო Energoatom-მა სამშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაურთავს ნებართვა IAEA-ს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსისთვის, ეწვიოს ობიექტს. გროსის ნებისმიერი სხვა განცხადება “ტყუილია” – პირდაპირ ამბობენ უკრაინულ უწყებაში.

გროსიმ ორშაბათს Twitter-ზე დაწერა, რომ მისი უწყება ამზადებს ექსპერტთა ვიზიტს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც ოკუპირებული იყო რუსეთის ჯარების მიერ. Energoatom-მა მესინჯერის სერვის Telegram-ში დაწერა: „IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი ისევ იტყუება“.

უკრაინა „არ იწვევს გროსის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მოსანახულებლად და არც წარსულში მიუწვევია იგი ასეთი ვიზიტის განსახორციელებლად“, – წერს Energoatom. ელექტროსადგურის მონახულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინა ხელახლა აიღებს კონტროლს ელექტროსადგურზე. „ენერგოატომი“ გროსის განცხადებას განიხილავს, როგორც „ახალ მცდელობას, მოიპოვოს წვდომა ზაპოროჟიას ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნის ლეგიტიმაციისა და მათი საქმიანობის დამტკიცების მიზნით“.

რუსეთის არმიამ მარტის დასაწყისში აიღო კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 19 მაისს რუსეთი დაემუქრა უკრაინას ატომური ელექტროსადგურიდან ელექტრომომარაგების შეწყვეტით, თუ კიევი არ გადაიხდის იქ წარმოებულ ელექტროენერგიის საფასურს.

ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ზაპოროჟიეს მხარეში. 2021 წელს უკრაინაში ყოველწლიურად წარმოებული ელექტროენერგიის 20 პროცენტი ამ ქარხანაზე მოდიოდა.

 

წყარო: AFP,   yahoo.de