საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია აფხაზეთთან რთულადაა, ვიდრე სამაჩაბლოში, გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია და სწორედ ამიტომ, სააკაშვილის თქმით, აფხაზებს „უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე.
სააკაშვილი ამბობს, რომ „სწორედ ამ გზით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს“.
„უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება – ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს.უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია.ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე – ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები. ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის აღება (ვთქვათ, 3-5 წელი), რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება.რა თქმა უნდა, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი. წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? – ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს. საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას.აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.