რადიო “თავისუფლება” ამ ეტაპზე შედარებით ობიექტურ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს – 24-წლიანი სამხედრო სტაჟის მქონე ამერიკელი პოლკოვნიკის, სამხედრო მეცნიერებათა პროფესორის დევიდ ჯონსონის მოსაზრებებს. ამ მასალიდან ყველაზე უფრო საინტერესო ამონარიდებს გთავაზობთ:
“ვფიქრობ, რუსების გეგმა იყო, ემოქმედათ ჩეხოსლოვაკიის, ავღანეთისა და ჩეჩნეთის სცენარის მიხედვით – ეცადათ ელვისებური შეჭრა, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფო გადატრიალება მოჰყოლოდა. თუ გამოგივიდა, ძალიან კარგი, თუ არ გამოგივიდა და წინააღმდეგობას წააწყდი, უკან იხევ და იწყებ იმის კეთებას, რაც რუსების კლასიკური ტაქტიკაა – არტილერიის განუწყვეტელი ცეცხლი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ „გახარჯვა“ მტრის ძალებისა.
ხშირად ვისმენთ, რომ რუსები „უმიზნოდ“ ისვრიან, რომ მათ ზალპებს სიზუსტე აკლიათ. მათ არაფერში სჭირდებათ სიზუსტე იმის გასაკეთებლად, რაც ჩაიფიქრეს. თუ შენი ზოგადი სამიზნე მარიუპოლია, და ჭურვი მარიუპოლში ვარდება, მნიშვნელობა არ აქვს, რას უმიზნებდი. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ, დასავლეთში ამ ომს ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ და რუსების ქმედებებს იმის მიხედვით განვსჯით, ჩვენ რას გავაკეთებდით – რუსები კი იმას აკეთებენ, რაც ჩაიფიქრეს. ომის დაწყებიდან უკვე ასი დღე გავიდა და ვხედავთ, რომ რუსები ტაატით, მაგრამ წინ მიიწევენ დონბასში. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? უკვე გამოჩნდა, რომ მთავარი „ვარსკვლავი“ ომის ამ ფაზაში არტილერიაა და არა ჯაველინები და კამიკაძე-დრონები. უკრაინელები თავადვე ამბობენ: ჯაველინები და დრონები რუსების წინსვლას აბრკოლებენ, მაგრამ რაც მათ ხოცავს – ეს არტილერიაა.
კლაუზევიცის პერეფრაზი რომ გავაკეთოთ, დღევანდელი სიტუაცია გამოიყურება ასე: „ომში, რომელიც დაქანცვაში შეჯიბრებად იქცა, მთავარია, შენ არ დაიღალო პირველი“. რუსები ფსონს დებენ იმაზე, რომ ასეთ პირობებში ისინი მეტხანს გაძლებენ, რადგან ხალხიც მეტი ჰყავთ და იარაღიც მეტი აქვთ. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ის შეიარაღება, რომლითაც მათ შეეძლებათ ძალთა ეს უთანასწორობა დააბალანსონ და ბრძოლაში დარჩნენ.
დღემდე არ ვიცით, რა დანაკარგები აქვს უკრაინას. რუსების სავარაუდო დანაკარგებზე ცნობებიც უკრაინისგან გვაქვს და, დიდი ალბათობით, ეს რიცხვები „გაბერილია“. ამ ყველაფერს კი მივყავართ იქამდე, რომ არ ვიცით ძალათა რეალური თანაფარდობა, მათი მზადყოფნა ბრძოლისთვის და ა.შ. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა – რამდენ ხანს შეუძლიათ მათ ბრძოლის გაგრძელება?
მორალს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. დემორალიზებული არმია სამხედრო წარმატების მიღწევას გამორიცხავს. ამის ნიშნები შეიმჩნევა რუსებთან, მაგრამ მინდა გამოვტყდე, რომ, ჩემი აზრით, ხშირად სასურველს რეალობად ვასაღებთ. 100 რუსი ჯარისკაცი თუ უარს იტყვის ბრძოლაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი მთავრდება. ისინი, ვინც უარი თქვეს, დიდი ალბათობით, უკვე ციმბირის ჰავას ეგუებიან. უკრაინელების გამძლეობა და სიმტკიცე სამაგალითოა – მაგრამ რუსებსაც ვერ ჩამოვწერთ. თუ მათ მართლაც ცუდად ხელმძღვანელობენ, თუ მართლაც იმდენი პრობლემა აქვთ, რაც გვესმის, მაშინ ის ფაქტი, რუსული არმია მაინც რომ ახერხებს წინსვლას, ორმაგად შთამბეჭდავია. ჩვენ გავიძახით, რომ რუსების არმია ახალწვეულების არმიაა, რომ კორუმპირებული სარდლობა ჰყავთ, მაგრამ ზუსტად ასეთივე არმია ჰყავდათ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო არმია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომში რუსული არმია საზარბაზნე ხორცის ქარავანი იყო, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ხალხი მიუძღოდა და მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვერმახტი „დაღეჭეს და გადმოაფურთხეს“. ეს იგივე არმიაა, რომელზეც ტოლსტოი წერდა „ომსა და მშვიდობაში“. მათი სათანადოდ არშეფასება დიდი შეცდომა იქნებოდა.
ხშირად მესმის, რომ რუსები ომს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მათ პროპაგანდას „აჭმევენ“, პოლიციის ეშინიათ, გამოკითხვები რეალურ სურათს არ გვიჩვენებენ და ა.შ. არ მგონია, საქმე ასე იყოს – ჩემი აზრით, რიგით რუსს ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება და ის ამ ყველაფერს იწონებს. ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ისინი დანებდებიან, არ მჯერა, რომ რუსი ჯარისკაცები დიდი რაოდენობით დაიწყებენ დეზერტირობას ან ტყვედ ჩაბარდებიან. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ომში ჩაიდინო, მთავარი ცოდვა – ეს მეტოქის სათანადოდ არშეფასებაა და ეს არ უნდა გავაკეთოთ.
ვფიქრობ, რაც უფრო გაჭიანურდება ომი და რაც უფრო ნაკლებად „სანახაობრივი“ გახდება, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ მას დასავლეთში. წინა კვირას, როდესაც უვალდის (ტეხასი) სკოლაში იყო სროლა, საინფორმაციო გამოშვებებზე მხოლოდ ამაზე იყო აქცენტი, რაც გასაგებიცაა. ამავდროულად, ახლახან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 70 პროცენტი მომხრეა, რომ უკრაინას ნატო დაეხმაროს. და ეს [ომის გამო] გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის ფონზე.
საკითხავი ისაა, რას იტყვის ევროპა, თუ ზამთარი ცივი იქნება, იაფფასიანი საწვავი კი დეფიციტში. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ თითქმის არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ საქმე ევროპას და შტატებს არ ეხება – დანარჩენი სამყაროსთვის საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის დიდი წილი უკრაინაზე მოდის. კარგად გვმართებს ამაზე დაფიქრება – არაბული გაზაფხული სწორედ საკვებისა და სამზარეულოს ზეთის დეფიციტმა დაიწყო და მგონია, რომ იმავეს განმეორებისკენ მივიწევთ ახლა. ამ ყველაფერს დიდი გავლენა ექნება დანარჩენ მსოფლიოზე – საკვების დეფიციტის შედეგებს მალევე ვნახავთ, დანარჩენი შემდეგი წლიდან დაემატება. და ეს არ იქნება მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც უნდა „გამოვიდაროთ“, ეს იქნება გრძელი პროცესი… დასავლეთს მოუწევს, ან თავად „გამოკვებოს“ დანარჩენები და მიაწოდოს ის რესურსები, რაც უკრაინაში იკარგება, ან რამე იღონოს ოდესის პორტზე ბლოკადის მოსახსნელად, რასაც მეეჭვება, რუსები დათანხმდნენ”.
ინტერვიუს წაკითხვა სრულად შეგიძლიათ ბმულზე.