“20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას” – ნიკა მელია.
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
ნიკა მელიას თქმით, გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი და სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია.
“სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს);
მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! ;
არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;
რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!;
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას;
იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს;
გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი!
20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე” – წერს ნიკა მელია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა “დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა”, ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”.
წყარო: newposts.ge