“დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის” – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის – ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი აფასებენ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ფინეთსა და საქართველოს შორის არსებობს.
– “ამჟამად ევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, თუმცა დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა თავისი ევროპული პერსპექტივისთვის, ასევე დიდად ვაფასებთ კარგ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც გვაქვს ფინეთსა და საქართველოს შორის და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გააძლიერა რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირსა და თქვენს რეგიონს შორის” – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
წყარო: ambebi.ge