კობახიძის თქმით, ევროკავშირისთვის “ფარდის ახდას” აღარ აპირებენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს “ფარდა ახადოს” ევროკავშირს, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აანონსებდა იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება “უსამართლო და შეურაცხმყოფელი” იქნებოდა. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 17 ივნისს, ევროსაბჭოს დასკვნის გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
– “ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ.
საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე. დღეს, როდესაც ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებთ” – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრიმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, ეს ისე არ უნდა წარმოჩენილიყო, რომ „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“. ამასთან, მან თქვა, რომ საქართველო არაფერს „მათხოვრობს“ და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელოდა, და თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება „უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნებოდა“ ყველაფერს „ფარდას ახდიდა“.
წყარო: accentnews.ge