“სირცხვილიას” აქცია + სტუდენტების აქცია = სალომეს აქციას – მოვლენების კვალდაკვალ …
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „სუსტი ანალიზი“ წარმოადგინა. ამის შესახებ მან პალიტარნიუსთან ისაუბრა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ინფორმაციის დეფიციტი იყოს.
– “ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა, მათ შორის, შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებაში ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გამოტოვებული. როგორც კობახიძე ამბობს, „სრულიად გულუბრყვილობაა დაიჯერო“, რომ რეზოლუციის მიზეზი „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ხელისუფლების ცუდი მუშაობა იყო. მისი თქმით, ეს ღიმილის მომგვრელია.
ამასთან, კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა თავად გააკრიტიკა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და ბიძინა ივანიშვილს ერთ სიბრტყეში დაყენება უარყო. კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ამ განცხადებას მმართველი გუნდი „დააფასებს“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში ჩასულს „საკმაოდ დამძიმებული სურათი“ დახვდა.
მისი თქმით, გაფუჭებული საქმე ჰქვია იმას, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილას გადაინაცვლა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი, რაშიც გაფუჭებული საქმე გამოვლინდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციას გმობს, რითაც ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოებას ხლეჩს.
ამასთან, როგორც მელია ამბობს, ზურაბიშვილი იცავს და პატივისცემას უდასტურებს იმ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი თქმით, ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს.
“სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს). მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას. რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?
20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს, აი, იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს
გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია, რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე“ – აცხადებს ნიკა მელია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.
მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.
16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.
პრეზიდენტის პასუხად „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ აქციას არ გადადებს, თუმცა მის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე მიიღებს და სთავაზობენ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
წყარო: netgazeti.ge