საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოეხმაურა.
– „მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც, ალბათ, სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ვეთანხმები, ვინც ჩემს წინ ამ თემაზე გამოდიოდა – ჩვენ ამისი უფლება არა გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტი არის და ფაქტს ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. მე ვიცი, რომ დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].
იგი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა.
– „ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც ვრცელდება და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, „ხელისუფლებას ექვსი თვე აქვს და ექვსი თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, არამედ საზოგადოებისგან”.
პრეზიდენტმა ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებაც ილაპარაკა და საკუთარ იდეაზე გაამახვილა ყურადღება. „ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის, ნაწილის ყოველ შემთხვევაში, რომელიც ასე იქცეოდა, რომ დაანებოს თავი ამ სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და მიუდგეს აქ მუშაობას, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. მაგალითად, დავუბრუნდები იმ, მე თვითონ ვიტყვი, არაჩვეულებრივი იდეა, რაც მქონდა და წინადადება, რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას, შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი სწორედ იმაზე, რომ, რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე. მე მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომ იყოს ამ კომისიის თუ რაც გინდათ ის დავარქვათ (სამუშაო ჯგუფი), სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი, სწორედ, ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდსა და მთავრობაში (სხვათა შორის, კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობიდან და არა პარტიიდან), თუ ასეთი რამე შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად სწორი სვლა. იმიტომ, რომ გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა” – განაცხადა პრეზიდენტმა.
წყარო: ambebi.ge