თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ვალის გადაუხდელობის გამო, ოჯახის გამოსახლების პროცესი, მეორედ გადაიდო.
თბილისში, კეკელიძის N1-ში საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია მედიას აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ მიაწოდა.
– “აღსრულების პოლიციამ დღეს უკვე მეორედ ისარგებლა სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც პოლიციას უფლებას აძლევს, განსაზღვრული შემთხვევების დროს გადადოს გამოსახლების პროცესი. დღეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გამოსახლების პროცესი გადაიდო … აღსრულების პოლიცია ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება უახლოეს პერიოდში” – თქვა მან ბინასთან.
მისივე განმარტებით, აღსრულების, გამოსახლების პროცესის გადადება პოლიციას მხოლოდ ორჯერ შეუძლია:
– “ჩვენ გამოსახლების პროცესის გადადება შეგვიძლია მხოლოდ ორჯერ. ერთხელ ეს უკვე გამოვიყენეთ ორი წლის წინ, მეორედ დღეს გამოვიყენეთ”.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში დღეს, 17 ივნისს, დილით მივიდა – ამ დროს კორპუსთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ ოჯახის გამოსახლებას, რომელშიც სამი თვის ბავშვია. გადაიკეტა გზაც.
– “აქ მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს” – ამ შინაარსის წარწერა გამოაკრეს მათ იმ ბინის ფანჯარაძე, რომლიდანაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობდნენ.
ოჯახის მოთხოვნაა, მისცენ დრო. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უყვება, ამ ბინით ერთ-ერთ ბანკში 2008 წელს აიღეს იპოთეკური სესხი. 2013 წლამდე თანხას იხდიდნენ, თუმცა მოგვიანებით ბანკის თანამშრომლებმა ურჩიეს, რომ კერძო მევახშესთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. პრობლემებიც მევახშესთან სესხის აღების შემდეგ დაიწყო და სწორედ მისი მოთხოვნით გაუყიდეს ბინა.
წყარო: radiotavisupleba.ge