“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის ერთეულის ყოფილი ბანკირის თაღლითობის გამო, დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ გუშინდელ სასამართლოზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰარგუნი უძღვებოდა.
ჰარგუნმა სამი თვის წინ ზარალი 553 მილიონი დოლარით შეაფასა. ახალი შეფასებით კი, ივანიშვილის ზარალი მარტში დასახელებულზე დაახლოებით 10%-ით მეტია.
მაშინ მოსამართლემ Credit Suisse Life გააკრიტიკა და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ “თვალი დახუჭა” თაღლითის, პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე.
ბანკი კი ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, “მარტოხელა მგელი” იყო და თავის თაღლითურ საქმიანობას მალავდა.
Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ სამშაბათის სასამართლოზე აღნიშნა, რომ ჰარგუნის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება და რომ ის აღიარებს განახლებულ მონაცემს [$607 მილიონს], მაგრამ მისივე თქმით, კომპენსაცია “უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან”.
კომპენსაციის გადახდის ფორმაზე ბანკისა და ივანიშვილის ადვოკატები სამშაბათს გამართულ სასამართლოზე ვერ შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჰარგუნი მოგვიანებით მიიღებს.