ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ სკოტ ნათანს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ სკოტ ნათანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
საუბრისას განიხილეს საქართველოსა და DFC-ის შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში ფინანსური სექტორის გაძლიერებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა სკოტ ნათანს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა DFC-ის რეგიონული ოფისის შექმნის გეგმაზე.
DFC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსთან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ 1993 წლიდან 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა 60-ზე მეტ პროექტში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, DFC-ის დელეგაციის წევრი ნაზ ელ-ხატიბი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: ptn.ge