პოლიციის უფროსს, რომელსაც სკოლაში თავდასხმაზე დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ, დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა

პოლიციის უფროსს, რომელსაც ტეხასის ქალაქ უვალდეს სკოლაში თავდასხმაზე დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ, დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა.

პოლიციის უფროსს, რომელსაც ტეხასის ქალაქ უვალდეს სკოლაში თავდასხმაზე დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ, დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია სასკოლო ოლქის პოლიციის უფროსზე, პედრო არედონდოზე.

თავდასხმის შემდეგ გაირკვა, რომ, პოლიციას რეაგირებისთვის ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება და კითხვები გააჩინა. შტატის კანონმდებლები იძიებენ, რატომ იცდიდა პოლიცია საათზე მეტ ხანს სკოლის საკლასო ოთახის გარეთ, რომელშიც თავდამსხმელი იყო ჩაკეტილი, ვიდრე სამართალდამცველების ჯგუფი შიგნით შევარდა.

როგორც სასკოლო ოლქის ზედამხედველმა, ჰალ ჰარელმა განაცხადა, მან არედონდო გამოძიების შედეგებამდე ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა.

მიმდინარე თვის დასაწყისში პედრო არედონდომ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ვერ იპოვეს გასაღები საკლასო ოთახის კარის გასაღებად. თუმცა, როგორც ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, სტივენ მაკროუმ მიმდინარე კვირაში სენატში მოსმენებზე განაცხადა, კარი ჩაკეტილი არ ყოფილა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომ ოფიცრები მის გაღებას ცდილობდნენ. მისი თქმით, ადგილზე პოლიციის საკმარისი ძალები იყო, რომ თავდამსხმელი შენობაში შესვლიდან სამ წუთში შეეჩერებინათ. ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სამართალდამცველების მოქმედებას „საშინელი მარცხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არედონდომ გადაწყვიტა, ოფიცრების სიცოცხლე ბავშვების სიცოცხლეზე მაღლა დაეყენებინა“.

თავის მხრივ, უვალდეს მერმა, დონ მაკლაფლინმა შტატის ხელისუფლებას სკოლაში სროლის შესახებ ინფორმაციის შერჩევითად გასაჯაროებაში და შტატის ხელისუფლების რეგირებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად, ადგილობრივ სამართალდამცველებზე პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობაში დასდო ბრალი.

თავდასხმა უვალდეს სკოლაში 24 მაისს მოხდა. სასწავლო დაწესებულებაში 18 წლის სალვადორ რამოსი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელმა 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა. რამოსმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ის ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

წყარო: ptn.ge