მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს. ქვეყნის ენერგეტიკული რისკებიდან გამომდინარე, ასეთ ინიციატივას სპეციალისტების ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა საუბრობენ პროექტის ცვლილებაზე, მათ შორის მივიწყებული ვერსიების გადახედვაზე, რომელიც წლების წინ ინჟინრებისა და ენერგეტიკოსების ერთ ნაწილს მთავრობისთვის აქვს წარდგენილი და ,,ხუდონჰესის ახალი სქემით“ არის ცნობილი.
ხუდონჰესის სახეცვლილებისა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთესი შედეგი მიიღწევა. თუკი ძველი პროექტის მიხედვით, ჰესი გამოიმუშავებს მილიარდ-ნახევარ კილოვატსაათ ენერგიას, ახალი სქემის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა 2,3 მილიარდ კტ/სთ-მდე გაიზარდოს. ახალი სქემის მიხედვით, იგივე იქნება წყალსატევის ზედაპირის ფართობი.
ენერგეტიკოსი, საინიციატივო ჯგუფის წევრი სიმონ ბახტურიძე იხსენებს, 2004 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ “საქენერგოგენერაციას” მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ხუდონისა და ნამოხვანის ჰესების საინვესტიციო პროექტების მომზადებაში, რის საფუძველზე მალევე სპეციალისტებმა ახალი სქემა შეიმუშავეს და მთავრობას ხუდონის ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს.
,,მივიჩნიეთ, რომ ინვესტორისთვის იმავე პროექტის შეთავაზება, რომელიც საზოგადოებამ ერთხელ უკვე უარყო და საბჭოთა მთავრობამაც შეაჩერა, არასერიოზული იქნებოდა. გადავწყვიტეთ, პროექტის ახალი სქემები დაგვემუშავებინა და 2006 წელს ენერგეტიკის სამინისტროს შევთავაზეთ კიდეც.
სამინისტრომ ის განსახილველად გადასცა გიორგი ჩოგოვაძის სახელობის ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და ეროვნულ ენერგეტიკულ აკადემიას. 2007 წლის 20 აპრილს ინსტიტუტიდან სამინისტრომ მიიღო დასკვნა, რომ წარმოდგენილი ახალი წინადადება საინტერესოა, მაგრამ საჭიროებს დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებებს. ენერგეტიკული აკადემიიდან კი გვიპასუხეს, რომ კვლევით სამუშაოებს დასჭირდება 1 მლნ დოლარი და 18 თვე. სწორედ ამ მიზეზით ვერ გაიზიარებდნენ ახალ სქემას, რადგანაც პროექტის მომზადება საჩქარო საქმე იყო. თვითონ განსაჯეთ, რა დრო გავიდა 2007 წლიდან და ხუდონჰესის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა“, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსთან” სიმონ ბახტურიძემ.
მისი თქმით, ხუდონჰესისა და ტვიშის ახალი სქემებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს.
ალტერნატიული სქემის მიხედვით, კაშხალი აშენდება 6 კილომეტრით ზემოთ, რაც დასახლებულ პუნქტებს გადაარჩენს. ჰესი დარჩება იქ, სადაც ძველი პროექტით არის გათვალისწინებული და წყალსატევს რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება. ამგვარად ენგურჰესსა და ახალ წყალსატევს შორის შეიქმნება ე.წ. განიავების სივრცე, რაც გარემოსთვის მნიშვნელოვანია.
,,ჩვენს მიერ მომზადებული ,,ახალი სქემა“ ითვალისწინებს პროექტის პრობლემის გადაწყვეტას. კაშხალი და წყალსაცავი გადატანილია მდინარე ენგურის ვიწრო ხეობაში, ნენსკრას შესართავის ზემოთ 630 მ ნიშნულზე. ამით ხაიშის დასახლება რჩება ხელუხლებელი და იხსნება პროექტის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, თავიდან ავიცილებთ სამი ხეობის (ენგურის, ნენსკრას, ხაიშურას) დატბორვას, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით მომგებიანი ვარიანტია.
ახალი სქემის მიხედვით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას მიწისქვეშა ნაგებობები, წყალი მიწოდებულ იქნას სადაწნევო გვირაბით და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოში უკვე ცნობილი და აპრობირებული მეთოდით“, – დასძინა სიმონ ბახტურიძემ.
როგორც ცნობილია, ხუდონი ყველაზე მსხვილი ჰიდროპროექტია, რომლის განხორციელებასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები პერმანენტულად ცდილობდნენ. საქართველოს მდინარეების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით, თუმცა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირეწყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.
ყოფილი “საქენერგოგენერაციის” არატრადიციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, საინიციატივო ჯგუფის წევრი სიმონ ბარამიძე აცხადებს, შესაძლოა, ახალი სქემა უნაკლო არ არის, მაგრამ მთავრობამ უნდა შეისწავლოს ალტერნატიული ვარიანტიც.
,,ჰესების განხორციელების ფორმა და პირობები განსაზღვრული უნდა იყოს იმგვარად, რომ შემდეგში მაინც თავიდან ავიცილოთ არასასურველი მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ხუდონის, ნამახვანის და ალპანას ჰესებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ მდინარეზე უნდა აშენდეს როგორც წისქვილი, ასევე ჰესი, მაგრამ მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ჩვენი სქემის პროექტად გადაქცევა და განხორციელება იგივე თანხა დაჯდება, რაც ძველი პროექტით მშენებლობა ჯდება. გარდა ამისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთეს შედეგს მივიღებთ. ძველი პროექტის მიხედვით, ჰესი გამოიმუშავებს მილიარდ-ნახევარ კილოვატ/საათ ენერგიას, ახალი სქემის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 2,3 მილიარდ კილოვატ/საათამდე გავზარდოთ. ჩვენი გათვლით, ახალი სქემის მიხედვით იგივე იქნება წყალსატევის ზედაპირის ფართობი”, – განმარტა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სიმონ ბარამიძემ.
ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების გამო, საპროტესტო აქციების მძლავრი ტალღის ფონზე, შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ ხუდონჰესის მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე დისკუსიამ აქტუალობა შეიძინა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ სამოქალაქო სექტორშიც.
წყარო: resonancedaily.com