დღეს, 24 ივნისს, 20 საათზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, ისინი დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ.
“რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა.
ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული გამოდგა – გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება, რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების საშუალება არ გვაქვს – საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ, 24 ივნისს, ჩვენ გამოვაცხადებთ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.
გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა