დაკავებულია პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას პირდებოდა

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა და იგი დაარწმუნა, რომ თანხის სანაცვლოდ მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 დოლარი გამოართვა, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავება მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.