კახეთში ასაკოვან კაცზე ძალადობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.

ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.