ხალხს უნდა ვუთხრათ მეტი სიმართლე… უნდა ავირიდოთ ომში ჩართვა – სუბარი „ოცნების“ დატოვებაზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოზარ სუბარი, რომელმაც მმართველი პარტია დღეს, 28 ივნისს დატოვა, წასვლის მიზეზად ხალხისთვის სიმართლის თქმას ასახელებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, ომში ჩართვის საფრთხის გამო უდიდესი გამოწვევა აქვს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ომში ჩართვის გარეშე მოახერხონ.

„რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, პირდაპირი მცდელობები იყო, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, როგორიც არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა. მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა, ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალება გაქვს, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება „ქართული ოცნების“ ძველი გუნდის წევრების პარტიიდან გასვლა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და „ოცნების“ ძველი წევრების მიერ ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა, სუბარი პასუხობს, რომ „არაფერი მსგავსი არ იგეგმება და მოხდება“.

„საქართველოს მთავრობა და ხალხი დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ. ქვეყნის სტრატეგიულ მიზანთან – ევროკავშირში გაწევრიანება, აქ ვართ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს გაწევრიანება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ თავიდან უნდა ავირიდოთ ომში ჩართვა. თორემ, ომში ჩართვა თუ მოხდა, შემდეგ ყველაფერი დაკარგავს აზრს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 28 ივნისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი ისაა, რომ მათ მიაჩნიათ, ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

მდინარაძის თქმით, ეს სამი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ იქნებიან, ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რაც აქვთ სათქმელი.

სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ