“სტატუსისთვის საჭირო რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს, მათ შორის ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას”.
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.
“საქართველო არის ძლიერი პარტნიორი ნატო-სთვის და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რაც საქართველოდან იყო წარგზავნილი მადრიდის სამიტზე. მადრიდის სამიტი იყო კიდევ ერთხელ დემონსტრირება ალიანსის ერთიანობის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ფონზე. ეს სამიტი კიდევ ერთი დასტურია იმისათვის, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზნებს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოსთვის ეს იყო კიდევ ერთი კარგი შანსი, რომ განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ნატო-სა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, აღნიშნული რეფორმების გატარება, რაც საჭიროა სტატუსის მისანიჭებლად, ასევე ხელს შეუწყობს ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. მოგეხსენებათ, ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, არამედ პოლიტიკური-სამხედრო ალიანსი, ასე რომ არა მხოლოდ სამხედრო კუთხით მზაობა, პოლიტიკური საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე” – განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.
წყარო: accentnews.ge