საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გმობს ვატო წერეთლის წინააღმდეგ ძალადობას.
დღეს „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მასზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკურად იძალადეს. ინციდენტი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, იმ დროს, როდესაც აქ დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიება იმართებოდა.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით, მეორე მხრივ კი, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი“, – წერია ქარტიის განცხადებაში.
ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.