შსს-ს თანამშრომელმა ახალგაზრდა ბიჭი დაჭრა

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის შს სამინისტროს თანამშრომელმა დაჭრა. დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ახლობლების მოთხოვნით ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

“კლინიკაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა კოჭის არეში. ვინაიდან პაციენტის სიმძიმე აღემატებოდა ჩვენს კლინიკაში არსებულ რესურსებს, ახლობლებმა თვითონ გადაწყვიტეს გადაეყვანათ სპეციალიზებულ კლინიკაში, თავიანთი ხარჯებით”, – განაცხადა მორიგე ექიმმა ჟანა ჩანგელიამ.

ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.