უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანელ ჟურნალისტებს: „რუსული დრონები გვხედავენ; ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – არის დამალვა”

უკრაინის ომის პირველ დღეებში რუსეთის შეიარაღებული ძალები საოცარ წინააღმდეგობას წააწყდნენ საფრენი აპარატების, ე. წ. დრონების სახით. ამ წარმატების ისტორიები დომინირებდა ახალ ამბებში, წარმოდგენილი იყო მრავალ ვიდეო კლიპში, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში და აჩვენა, რომ უკრაინული საფრენი აპარატები რუსეთის ჯარების ქაოტურ წინსვლას აფერხებდნენ და უკან აბრუნებდნენ.

უკრაინის სწრაფად შექმნილი დრონების პარკს მიეკუთვნება საფრენი აპარატები, დაწყებული მცირე სამომხმარებლო დრონებით, რომლებიც, ჩვეულებისამებრ, სათვალთვალოდ გამოიყენება, დასრულებული თურქეთის მიერ შემუშავებული, ფართოდ ცნობილი Bayraktar TB2 საბრძოლო დრონით, რომელსაც მიეწერებოდა პუტინის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის განადგურება.

მაგრამ რუსეთმა ისწავლა პირველ თვეებში დაშვებულ დამამცირებელ შეცდომებზე. Insider-თან ინტერვიუში ექსპერტებმა განმარტეს, რომ უკრაინული დრონების ეფექტი სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს იმის გამო ხდება, რომ რუსეთმა გააუმჯობესა თავდაცვის სისტემები და ახლა ახერხებს უკრაინული დრონების ჩამოგდებას ან ახშობს მათ მოქმედებას ელექტრონული სიგნალების საშუალებით.

„რუსეთის ელექტრონული ომი და საჰაერო თავდაცვა უკეთ არის ორგანიზებული და აღჭურვილი ომის პირველ თვეებთან შედარებით“, – თქვა სამუელ ბენდეტმა. ის არის ანალიტიკოსი და ექსპერტი უპილოტო და რობოტული სამხედრო სისტემების საზღვაო ანალიზის ცენტრში, აშშ-ს საზღვაო ძალების ეროვნულ კვლევით ცენტრში.

 

ექსპერტების აზრით, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუმჯობესებულია

რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ ადრეული გაფრთხილების სარადარო სისტემებს, რათა ამოიცნონ დრონები და ომის წარმოების ელექტრონული სისტემები, ახერხებს მათი კომუნიკაციის ჩახშობასა და დაბლოკვას – ამბობს ბენდეტი. რუსები დრონების ჩამოსაგდებად ასევე იყენებენ სხვადასხვა იარაღს, როგორიცაა ტყვიამფრქვევები და Top-ის ტიპის სარაკეტო სისტემები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ელექტრონული საბრძოლო სისტემა „კრასუხა-C 4“, რომელიც თიშავს უკრაინულ დრონს.

მარკ კანსიანის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიტიკოსის თქმით, უკრაინას თავდაპირველად შეეძლო დრონების ეფექტურად გამოყენება, რადგან რუსეთს სათანადოდ არ ჰქონდა ორგანიზებული თავდაცვის სისტემები.

„დრონებმა შეძლეს ასეთი როლის შესრულება, რადგან რუსები ნელა აწყობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემას. ისინი არ მიჰყვებოდნენ თავიანთ დოქტრინაში გაწერილ კომბინირებული შეიარაღებული ოპერაციების სქემას (ტანკები, ქვეითი, საარტილერიო, დაზვერვა, ინჟინრები, საზენიტო ტექნიკა)” – აღნიშნა ექსპერტმა. „მაგრამ რუსეთმა, დონბასის რეგიონში, სადაც ომის აქცენტი გადაიტანა, თავისი სახმელეთო საჰაერო თავდაცვა უკეთ განალაგა“ – დასძინა მან.

მისივე თქმით, ახლა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულნი არიან, თავიანთი დრონების გამოყენება შეზღუდონ, ვინაიდან რუსულ ჯარებს მათი შეჩერება იოლად შეუძლიათ. დრონების დანაკარგი კი ძვირი ჯდება. მაშინ, როდესაც ერთჯერადი დრონები, როგორებიცაა Switchblade და Phoenix Ghost, თითო რამდენიმე ათასი დოლარი ღირს, TB2 –„ბაირახტარების“ ღირებულება, შეიძლება იყოს $1 მილიონიდან $2 მილიონამდე.

უკრაინამ მიიღო დაახლოებით 50 ცალი TB2 ტიპის დრონი თურქული იარაღის კომპანია Baykar-ისგან, რუსული სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან. TB2-დრონები ომის პირველ დღეებში ძალიან ეფექტური იყო, ახლა კი მათ რუსეთი ყრის და უკრაინის არმია სულ უფრო ნაკლებად იყენებს.

 

უკრაინელი ჯარისკაცები სკეპტიკურად უყურებენ ძვირადღირებული დრონების გამოყენებას

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ გეგმავს უკრაინას General Atomics MQ-1C Grey Eagle-ის შეიარაღებული საფრენი აპარატები მიჰყიდოს. ამ დრონებს კიდევ უფრო უკეთესი პარამეტრები აქვთ, ვიდრე თურქულ „ბაირახტარებს“. თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალების ორმა დაუსახელებელმა პილოტმა ონლაინ-ჟურნალ “The War Zone”-ში განმარტა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას მათი მაღალი ფასის გამო, თითოეული 10 მილიონი დოლარის ოდენობით. ისინი შიშობენ, რომ ამ აპარატებს რუსები ჩამოაგდებენ მათ პირველსავე მისიაზე.

ამავდროულად, CNA ექსპერტი ბენდეტის თქმით, რუსეთი იმდენივე, თუ არა მეტი დრონს იყენებს – განსაკუთრებით სადაზვერვო, სათვალთვალო და სადაზვერვო მისიებისთვის. თუმცა, უკრაინელებს არ აქვთ შესაბამისი იარაღი, რომ ეს დრონები ჩამოაგდონ, განუცხადა უკრაინელმა ჯარისკაცმა Sunday Times-ს: “ჩვენ ვერ ვხედავთ რუსულ დრონებს, მაგრამ ისინი გვხედავენ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – არის დამალვა”.

ბენდეტის თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, შეეცდებიან უკეთესად მოაწყონ თავიანთი შეტევები: ”რუსეთის ჯარი ცდილობს უკრაინელების ხაფანგში მოქცევას გარკვეულ ქალაქებში და ზოგადად უკრაინის თავდაცვითი ძალების შესუსტებას”. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში და დაზვერვის უზრუნველყოფაში, ისე, რომ რუსებს შეუძლიათ, განახორციელონ  თავდასხმები როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან.

 

Businessinsider