იმუნიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების პარალელურად მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, თუმცა თუ შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდა, შესაძლოა, იმუნიზაციის საბჭომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 7 ივნისს ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ომიკრონის ახალი შტამი წინა ვარიანტებთან შედარებით 20%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება და ერთი ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 10-12 ადამიანის აინფიცირებს. ახალი შტამის სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს იმას, რომ ბოლო ერთ თვეში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.
ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ადამიანებმა კვლავ ის წესები უნდა დაიცვან, რასაც კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან მიყვებოდნენ: ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში:
“ეს რეკომენდაცია [საზ. თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება] უტოპიასთან ახლოსაა ზაფხულის განმავლობაში. ერთადერთი რაც გვრჩება, რაც მართლაც მნიშვნელოვანი რესურსია, არის ნიღბის ტარება.
ჯერ-ჯერობით, ამ რიცხვების ფონზე იმუნიზაციის საბჭოზე ნიღბის ტარების ვალდებულებას არ გამოვაცხადებთ, რადგან ეს არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ თუ [ყოველკვირეული შემთხვევების] გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია ეს საკითხი მომდევნო კვირების განმავლობაში იმუნიზაციის საბჭოზე განვიხილოთ… არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები გარკვეულად სტაბილური გახდეს, რთულია პროგნოზი.
თუ შემთხვევების გაორმაგება გაგრძელდება, მაშინ ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში განვიხილოთ”, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, კორონავირუსით ინფიცირების შანსების შესამცირებლად ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც ამ დრომდე ორი დოზით აიცრნენ, თუმცა ბუსტერი არ გაუკეთებიათ, ახლა აქვთ “იდეალური შესაძლებლობა, რომ მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში დაცულები იყვნენ ახალი ინფიცირებისა თუ რეინფიცირებისგან”.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბუსტერ დოზა საქართველოში 260 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.
ჩხაიძის განცხადებით შემოდგომისთვის, კერძოდ ოქტომბრისთვის, შესაძლოა კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა კვლავ პიკს მიაღწიოს.