გადადგა დიდი ბრიტანეთის ორი მინისტრი, ისინი უარს ამბობენ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობაზე

გადადგა დიდი ბრიტანეთის ორი მინისტრი, ისინი უარს ამბობენ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობაზე.

5 ივლისს გადადგა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორი წევრი. მათ უარი თქვეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან მუშაობის გაგრძელებაზე. ჯანდაცვის მინისტრ საჯიდ ჯავიდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან დაკარგა მთავრობის მეთაურისადმი ნდობა. ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეთის საზოგადოება მთავრობისგან მოელის „სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მუშაობას“.

ორი მინისტრის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე პარტიული თანამდებობა დატოვა ჯონსონის კონსერვატიული პარტიის მაღალი რანგის ფუნქციონერმა, კრის პინჩერმა. ის ამხილეს იმაში, რომ ის კონსერვატორთა დახურულ კლუბში წვეულებაზე მამაკაცებს სექსუალურად ავიწროებდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი.

თავის მხრივ, ეს სკანდალი მოხდა ჯონსონის აქტიური შიდაპარტიული კრიტიკის ფონზე. აპრილში ის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კანონის დარღვევაში ამხილეს. მაშინ ის დააჯარიმეს წვეულებაში მონაწილეობისთვის საყოველთაო COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის დროს, რომელიც მისმავე მთავრობამ შემოიღო.

ივნისის დამდეგს ჯონსონმა გაიმარჯვა კენჭისყრაში უნდობლობის ვოტუმის შესახებ, რომელიც კონსერვატიულ პარტიაში მისმა კოლეგებმა წამოაყენეს. მაშინ ჯონსონს პარტიის 211-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი, 148 წინააღმდეგი იყო.

ამის შემდეგ პარტია დამარცხდა ორი ოლქის დამატებით არჩევნებში, რომელთაგან ერთ-ერთში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დამარცხებულა. ორივე ეს მანდატი ადრე კონსერვატორებს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, მეორემ კი აღიარა, რომ პარლამენტში დებატების დროს პორნოგრაფიას უყურებდა. ის გადაიყვანეს თანამდებობაზე, რომლის დაკავება არ შეუძლიათ მოქმედ დეპუტატებს.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა 5 ივლისს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ჯონსონი უნდა გადააყენოს და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნათელყოფს, რომ კონსერვატორებმა რიგგარეშე არჩევნებში შესაძლოა მანდატების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგონ.

წყარო: radiotavisupleba