იაპონიის მთავრობამ დაადასტურა ექს-პრემიერ აბეზე თავდასხმა

იაპონიის მთავრობამ დაადასტურა ექს-პრემიერ აბეზე თავდასხმა.

იაპონიის მთავრობის მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ მედიას დაუდასტურა, რომ დღეს დილით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეზე. დაკავებულია დაახლოებით 40 წლის მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, აბეს ესროლა.

შინზო აბე 10 ივლისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა ქალაქ ნარაში. სიტყვით გამოსვლისას ის მოულოდნელად დაეცა და სისხლდენა დაეწყო. იაპონური მედიის ცნობით, მანამდე ორი გასროლის ხმა იყო.

უგონო მდგომარეობაში მყოფი, 67 წლის ექს-პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NHK-ს ექიმებმა აცნობეს, რომ შინზო აბეს გაჩერებული აქვს გული და არ მუშაობს ფილტვები. სააგენტო AFP-ი წერს, რომ იაპონიაში ტერმინით, გულ-ფილტვების სისტემის გაჩერება, კლინიკურ სიკვდილს აღწერენ.

ლიბერალ-დემოკრატი შინზო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2007 და 2012-2020 წლებში.

წყარო: accentnews.ge