იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს — ის “კრიტიკულ მდგომარეობაშია”

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ქალაქ ნარაში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, 8 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, სინძო აბე “კრიტიკულ მდგომარეობაშია”.

“ამჟამად ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი აბე გადარჩება”, — უთხრა კიშიდამ ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც ესროლეს, 67 წლის სინძო აბე, რომელიც იმ მომენტში სიტყვით გამოდიოდა, მიწაზე დაეცა. ყოფილი პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

ტოკიოს ყოფილმა გუბერნატორმა იოიჩი მასუზოემ “ტვიტერზე” დაწერა, რომ აბე “გულ-ფილტვის გაჩერების მდგომარეობაშია”. როგორც BBC წერს, აღნიშნული ტერმინი იაპონიაში ხშირად გამოიყენება მანამ, სანამ გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება.

პრემიერ-მინისტრ კაშიდას განცხადებით, თავდასხმის მოტივები ნათელი არ არის. მანვე იაპონიაში მიმდინარე კვირაში დაგეგმილი არჩევნები “დემოკრატიის საფუძვლად” შეაფასა და თქვა, რომ ხსენებული თავდასხმა “ვერ იქნება შეწყნარებული”.

“მინდა გამოვიყენო ყველაზე უხეში სიტყვები ამ ქმედების დასაგმობად”, — დასძინა მან.

მეორე მხრივ, იაპონური მედია იტყობინება, რომ თავდამსხმელი საზღვაო თავდაცვის ძალების წევრი იყო დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, 2005 წლამდე.

როგორც ბრიტანული The Guardian იაპონიის ეროვნულ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელმა პოლიციას უთხრა, რომ გაბრაზებული იყო აბეზე და მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.

სინძო აბე იაპონიის პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

BBC-ის მიხედვით, იარაღით თავდასხმის შემთხვევები იაპონიაში იშვიათია: ქვეყანაში იარაღის ტარება აკრძალულია, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები კი თითქმის არ ხდება.