„ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ბოდვა გრძელდება. აღწერაც კი ძნელია, ანუ რა გამოდის, რომ ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებს ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, უნდა გაგვისწოროთ, ჩვენს რეჟიმს უნდა შეეგუოთ და მაშინ შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთ. ასევე ოპოზიციასაც ეუბნება, რომ რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
ბოკერიას თქმით, “ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება ასე არ ხდება. ჩვენ ყველა ეს ბოდვა მხოლოდ უნდა შევაფასოთ და ყველა სხვა მხრივ დავაიგნოროთ”.
„ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ ფონზე, როცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ საქართველოს ევროპული, თავისუფალი, უსაფრთხო მომავალი ივანიშვილის რეჟიმთან შეუთავსებელია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. იმ ზღვარს უნდა მივაღწიოთ, როცა არჩევნების გზით იძულებული იქნება, შეეგუოს ძალაუფლების დათმობას და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით წყალს უნდა გავატანოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად, ბუნებრივი ბარიერის ფარგლებში ჩატარდა [120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით].
კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული „შარლ მიშელის“ [იგივე 19 აპრილის] შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი განისაზღვრებოდა „ბუნებრივიდან 2%-მდე“.
თუმცა ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის აგვისტოში დატოვა.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საარჩევნო ბარიერს დაწევდა, თუმცა მალევე დაიწყო საუბარი არა 2, არამედ 3%-იან ბარიერზე.
ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით მიიღო, სადაც ბარიერად 2% განისაზღვრა, თუმცა მეორე-მესამე მოსმენა არ გამართულა და ძალაში არ შესულა.
ამჟამად ირაკლი კობახიძე კვლავ მიუთითებს კონსტიტუციის არსებულ ჩანაწერზე, რომელიც 2024 წლიდან 5%-იან ბარიერს აწესებს, ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ ვალდებულებას იღებს არა ქართული ოპოზიციური პარტიების, არამედ ევროკავშირის წინაშე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, მიიღოს ეს ცვლილებები.
ამასთან, მართალია, ევროკომისიას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის ჩამოყალიბებისას, არ დაუკონკრეტებია, როგორი საარჩევნო ბარიერი უნდა დაწესდეს, თუმცა ერთ-ერთ პირობად დაასახელა „პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით“. შარლ მიშელის შეთანხმება კი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ ბარიერს ითვალისწინებს.