7 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებს საგნობრივი კომპეტენციის დაძლევის მსურველი მასწავლებლები შეუერთდნენ. დღეს საგნის გამოცდებს აბარებენ როგორც მოქმედი და სხვა საგანში სერტიფიცირებული პედაგოგები, ისე მასწავლებლობის მსურველები.
ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისული პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ:
„მასწავლებელი გაანადგურეს ამ გამოცდით. რეფორმა საჭიროა, მაგრამ ამ სახით რეფორმა მიუღებელია. ადრე იყო გადამზადება ყველა სფეროში. ჩვენ პირიქით, დაგვამცირეს. ყველა სამინისტროს თავისი პატრონი გამოუჩნდა ჩვენს გარდა.
თავად მასწავლებლებიც, ერთ გამოცდას ჩააბარებენ და რამდენიმე სკოლას მოედებიან. არც არაფერს ნიშნავს ეს გამოცდა და ამ დროს, სხვაგან, სხვა პედაგოგებს აკარგვინებენ საათებს“, – ნოდარ გორგაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის პედაგოგი.
ხულოს სკოლის პედაგოგი, მერი ბოლქვაძე:
„მე, როგორც პედაგოგი ძალიან აგრესიულად ვარ განწყობილი მასწავლებლის გამოცდისადმი. სტუდენტობისას არცერთი სემინარი არ გამიცდენია, სახელმწიფომ მომცა აღიარებული დიპლომი და ნუთუ ეს არ იყო საკმარისი? ამ დროს და ენერგიას ვეღარ ვახმართ ბავშვებს, უნდა ვემზადებოდეთ გამოცდისთვის. გასულ წელს 80%-მა ქართულის გამოცდა ჩააგდო. თუ დაწყებითის გამოცდაა, მაშინ ის საკითხები მოგვცემ, რაც ჩვენ გვეხება, დაგვანებონ თავი! პრაქტიკოსებს სული ყელში ამოგვიყვანეს“.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში მისული მოქმედი მასწავლებლები იმაზეც საუბრობენ, რომ სისტემაში არიან სერტიფიცირებული მასწავლებლები, მაგრამ არიან არასერტიფიცირებულები, რომლებიც უკეთ ატარებენ გაკვეთილს. მიაჩნიათ, რომ ამდენი გამოცდით და საფეხურის მომატების სურვილით, პედაგოგს მოსწავლეზე ფიქრისთვის დრო არ რჩება.