ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის – ყაველაშვილი დეგნანს

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.

მიხეილ ყაველაშვილის წერილს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ“, — აცხადებს ყაველაშვილი.

ის ამბობს, რომ 24 თებერვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ, აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

„სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე“, — ამბობს ყაველაშვილი.

„ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად კარგი იქნებოდა, ენმ-ის ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს საჯაროდ გამიჯვნოდით. სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდ დაუჭირეთ მხარი. მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა ვლადიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან.

გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.

მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების — პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია. რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში, საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა – „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“, — წერს ყაველაშვილი.

ყაველაშვილი ამბობს, რომ ეკა გიგაური “ასეთი ღია ტექსტით” ომისკენ მოუწოდებდა. სინამდვილეში გიგაურის კომენტარი ეხებოდა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.

ყაველაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც ომბუდსმენი „საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა“.

„აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“. როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის“, — წერს ყაველაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილის აზრით, კელი დეგნანი ასევე უნდა გამიჯვნოდა გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, „რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება“.

„და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ. ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

​რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენ მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.

ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა პიტერ აკერმანმა, რომელიც ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო. იგივე ადამიანები ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ“, — წერს ყაველაშილი.

მისთვის გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება დეგნანი იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც აშშ აფინანსებს. ასევე, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი აქვთ.

„როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა სულაც თქვენი მოფიქრებულია.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს“, — აცხადებს ყაველაშვილი.

ის იმეორებს დეზინფორმაციას, რომ კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირებას მხოლოდ რევოლუციური ფონის შექმნის მიზანი ჰქონდა და ამ კამპანიაში აშშ-ის ელჩიც აქტიურად ჩაერთო.

„რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს. სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენ მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა“, — ნათქვამია წერილში.

ყაველაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თავს არიდებს ამ კითხვების დასმას, თუმცა თავად, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დასვას.

„იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს.

ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, — ნათქვამია წერილში.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. ამ კონსპირაციულ თოორიაზე „მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით დატოვეს „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა.


30 ივნისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს.

“ეფ-ეს-ბე” რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.