დეგნანის პასუხი ყაველაშვილის წერილზე შეურაცხმყოფელია – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პასუხი მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე შეურაცხმყოფელი იყო.

მისი განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანია, რომელსაც „შეურაცხყოფა არ ეკუთვნის“.

ყაველაშვილი ღია წერილში აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მოდის.

კელი დეგნანის განცხადებით, წერილი აგებული იყო ტყუილებზე.

„დამოუკიდებელი დეპუტატია და აქვს უფლება კითხვები დასვას. ამაში ჩვენ ვერ შევალთ ფორმა სწორია თუ არა. მე პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება. ეს უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, რადგან მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა.

მიშა ყაველაშვილი არის პარლამენტარი, ხალხის მიერ არჩეული და ჩვენი კოლეგა. პასუხის ეს ფორმა და არამხოლოდ ფორმა, შინაარსიც, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. ეს შემიძლია გითხრათ.

როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილში, ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

მიხეილ ყაველაშვილმა, ისევე როგორც სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს, რადგან პარტიის თანახმად, ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა დოზითა და ფორმით უნდა მიაწოდონ საზოგადოებას სიმართე საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობების შესახებ.