შაბათს, 9 ივლისს, თბილისის 25-ე ჯაზ-ფესტივალი ვიჯეი აიერის მულტიკულტურული ტრიოს კონცერტით დასრულდა.
მსოფლიო კრიტიკოსების მიერ „21-ე საუკუნის ჯაზმენად“ წოდებული ვიჯეი აიერი თავის ტრადიციულ პარტნიორებთან, ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუსთან და დრამერი თიშოუნ სორეისთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე თბილისში, „შერატონ გრენდ თბილისი მეტეხი პალასში“.
ვიჯეი აიერს, – რომლის მუსიკალური ენა, კახა თოლორდავას სიტყვებით, „ძირითადად სამხრეთ აზიის, დასავლეთ აფრიკის და აფროამერიკულ რიტმულ ტრადიციებზე დგას“, – უკვე 24 ალბომი აქვს გამოცემული.
ინდოელი ამერეკელების ოჯახში დაბადებულმა მუსიკოსმა თბილისში გამართულ კონცერტზე კიდევ ერთხელ გამოავლინა ის მემკვიდრეობითი ხაზი, რასაც წლებია, როგორც პიანისტი, მისდევს, – „დიუკ ელინგტონისა და თესალონიუს მონკის გავლით, ელის კოლტრეინისა და ჯეინ ალენისკენ“.
ჯაზფესტივალის პირველი დღე, 7 ივლისი, სტუმრებისთვის დაიწყო „ჯაზსინემაში“ კახა თოლორდავას ფილმის ჩვენებით „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“.
მეორე დღეს კი თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგა მისტიკური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელშიც ერთიანდებიან ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი.
მაყურებელმა ასევე იხილა გრემის ჯილდოს მფლობელი ფილმი „ქვინსი“, სადაც ასევე გამოყენებული იყო 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდიც.
პარალელურად, სამივე საღამოს განმავლობაში, სტუმრები „ჯაზლაბში“ კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს უსმენდნენ, რომლებმაც ასევე დაიმსახურეს მსმენელთა მოწონება.
წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.
ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს ფოიეში მოწყობილი იყო ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „როგორც მესმოდა…“, რომლის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო იყო. ვიზიტორებს იქვე შეეძლოთ კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების ყიდვა…