“ვიცი, სასტიკია ამის მოსმენა, მაგრამ ჯობია, ახლა შეგეშინდეთ და გაიქცეთ მანდედან, ვიდრე მერე დაიშინოთ ხელები თავში” – შვილმკვდარი დედის ბრძოლა სხვისი შვილების გადასარჩენად.
სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით მძიმე ინფორმაციებს პატარებზე, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან. მათზე გული შეგვტკივა, ვლოცულობთ, ვისაც როგორ შეუძლია, გვერდითაც უდგება, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, ეს ბავშვები რა გზას გადიან. ბოლო დღეებში ბევრი მშობელი წერს გაუსაძლის პირობებზე იაშვილის კლინიკაში, სადაც ონკოპაციენტებს მკურნალობენ. ერთ-ერთი ნანა მიტიანია, რომელსაც შვილი გარდაეცვალა.
“მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო – ვერ ვჩუმდები! ამ პალატებში ეპატიჟებით ადამიანებს და მაღალი ხარისხის მკურნალობას სთავაზობთ, ნუთუ სულ დაკარგეთ მორალი და ზნეობა! მინდა, ვკითხო ბატონ ივანე ჩხეიძეს, ბოლოს როდის იყავით ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში? ვეჭვობ, ალბათ როცა ქალბატონ ასმათ შენგელაიას შვილიშვილს სურდო ჰქონდა და ნახევარი განყოფილება რომ ბლოკირებული იყო, მაშინ. მის გასასინჯად მარშით შემოხვედით (ღამის სამ საათზე სახლიდან გამოიყვანეთ ექთანი მერი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ენდეთ მორიგე ექთნებს, ვაითუ მეორედ ეჩხვლიტათ და სტკენოდა ზედმეტად. ნუთუ წამით მაინც არ იფიქრეთ იმ დედებზე, ვისი შვილების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, იქნებ თქვენ რომ გიყვართ თქვენ შვილი, იმაზე მეტად მე მიყვარდა ჩემი ნინიკო!). ხუთი წლის წინ იყო ეგ და იქნებ შესულიყავით ახლა და გენახათ, რა სიტუაციაში მკურნალობთ პატარა ინკოპაციენტებს…
იცით, როგორი ჯანმრთელი იყო ჩემი ნინიკო? ფრჩხილიც კი არ სტკენია არასოდეს და ლეიკემიის დიაგნოზი დაგვისვით. ჯვარი სწერია თქვენს შვილებს, მაგრამ არავინაა დაზღვეული, ხვალ ვის დაუსვამენ მსგავს დიაგნოზს, რომც მიგივიდეთ, იმ დღესვე გადააფრენთ სპეცრეისით მსოფლიოს წამყვან კლინიკაში და გადაარჩენთ!
რატომ არ გიფიქრიათ იმ დედებზე, ვისი შვილებიც ამ ანტისანიტარიის გამო სოკოს ებრძვიან, დედებზე, რომლებსაც არ აქვთ ხარისხიანი სოკოს საწინააღმდეგო წამლის შეძენის საშუალება და უყურებენ, როგორ ეცლებათ შვილები ხელიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ფილტვში სოკო აქვთ. მხრებს აიჩეჩავს ექიმი და ეტყვის,რა ვქნათ, თქვენი შვილის შემთხვევაში დავმარცხდით, 30% დამარცხებულში მოხვდით, ვერ გაუძლო ბავშვის ორგანიზმმა და ა.შ. არადა ხშირად გამოდიხართ ტელევიზიებში და ქადაგებთ უხილავ მტერზე, ჰიგიენის დაცვაზე, ინფექციებზე და ბაქტერიებზე, როცა ყველაზე საჭირო ადგილას საღორე გაქვთ და გამომწყვდეული გყავთ თავზარდაცემული მშობლები.
ვინც სწრაფად პოულობს ინფორმაციას, გარბის და შველის თავს, მაგრამ ვისაც არ აქვს ამის უნარი, მან რა დააშავა, მასაც ხომ უნდა სიცოცხლე.
ამ ბავშვებს სჭირდებათ სრულყოფილი კვება, არ ჰყოფნით თქვენი ერთი ჩამჩა სალაფავი და ორი ნაჭერი პური. ჰორმონების მიღების ფონზე მადა აქვთ და მუდმივად კვებას ითხოვენ. მსგავსი კვება ფილმებში მინახავს, სადაც პატიმრებს ვედროდან უსხამენ საკვებს.
გონს მოდით, არ არის აუცილებელი, ტყვია გვესროლოთ და ისე მოგკვლათ! ირიბად გვიკლავთ შვილებს გართულებული ინფექციებით, ყველა აგებს პასუხს ადრე თუ გვიან კანონის წინაშე. იქ კი ჩვენი ნაწამები შვილები გეყოფათ. არც ერთი დედის და შვილის ცრემლი არ შეგრჩებათ!…
პირველი შოკი, რაც მივიღე, იყო ერთი საპირფარეშო 40 ბავშვზე და მათ მშობლებზე. მალე გადაგვიყვანეს მეორე სართულზე “ევროსტანდარტულ დონეზე აღჭურვილ განყოფილებაში”, სადაც ორ თვეში გამოვიდა მდგომარეობიდან ინვენტარი, გამწოვები და ფილტრები, რითაც ამაყობდა ადმინისტრაცია.
მეტსაც გეტყვით, პალატაში დაიწყო ტარაკნებმა და თაგვებმა სირბილი. ბავშვს ვასეირნებდი და რომ ამოვედით, საწოლში კატა იწვა, ბავშვის საწოლში, რომლისთვისაც პატარა ინფექციაც კი შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო მისი დაბალი იმუნიტეტიდან გამომდინარე.
უხარისხო მედიკამენტები, რაზეც პირველი კურსის დასრულების მერე შევიტყვე, იმდენად ჯანმრთელი შვილი მეჭირა ხელში, ზედმეტად არასდროს დაგვჭირვებია ექიმი და, შესაბამისად, არ მქონდა სამედიცინო განათლება, რომ მცოდნოდა, რასთან მქონდა საქმე. საშინელი ინფორმაციული ვაკუუმია, ვერ მოდიხარ აზრზე, გეშინია რამის კითხვის, ვაითუ ექიმი გაბრაზდეს და შენს შვილს დააკლდეს მკურნალობა.
მუდმივად ლანძღვა და ჩხუბი არ მოგვცემს შედეგს, გადასადგმელია რეალური ნაბიჯები, რაც მალე იქნება ეს, მით ნაკლები ბავშვის სიცოცხლე იქნება განწირულ. ვიცი, სასტიკია ამის მოსმენა, ვინც ახლა გადის მკურნალობას, მაგრამ ჯობია, ახლა შეგეშინდეთ და გაიქცეთ მანდედან, ვიდრე მერე დაიშინოთ ხელები თავში. ნეტა, ვინმეს შევეშინებინე და გავქცეულიყავი, ახლა სულ სხვა რეალობა მექნებოდა.
ისიც ვიცით, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი, მოვლილი გვაქვს ევროპაც და აზიაც, ოღონდ უშედეგოდ, რადგან აქ ამოგვიწურეს რესურსი. ვოცნებობ, რომ მშობლებსა და ექიმებს შორის მოხდეს კონსესუსის მიღწევა, ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ონკობავშვების საუკეთესო პირობებზე, ხარისხიან მკურნალობაზე და მედიკამენტებზე… უამრავი პრობლემაა, რისი გამოსწორებაც არ და ვერ ხერხდება წლებია…” – წერს ქალბატონ ნანა მიტიანი.
წყარო: sarkenews.ge