ქალაქის მთავრობის მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, გორის ცენტრში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს და საქმიანობა განაგრძეს. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე მერიის ზედამხედველობის სამსახური.
გარემოვაჭრეებს, რომლებიც აქამდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საქმიანობდნენ, მერია სთავაზობს, ახალ ბაზარში, წმინდაწყლის ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ.
თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” წერს, გარემოვაჭრეები უარს ამბობენ აღნიშნულზე, დასძენენ რა, რომ იქ “მყიდველი არ მივა”.
“მე იქ არ გადავალ იმიტომ, რომ იქ ვაჭრობა არ არის. თუკი საღამოს ჩემს შვილიშვილებს საჭმელს არ წავუღებ და წამლის ფული არ მექნება — 200 მქონდა წუხელ წნევა, რომ დამელია, ლამის სასწრაფო დამჭირდა — რა გავაკეთო იქ?” — უთხრა “ფორმულას” გარემოვაჭრემ, რომელიც 12 ივლისს, შეზღუდვის მიუხედავად, გორის იუსტიციის სახლის მიმდებარედ სამუშაოდ გავიდა.
“მოზაიკის” თანახმად, გორის მერიაში ამბობენ, რომ კონსტრუქციები, რომლებიც გორის ქუჩებიდან რამდენიმე დღის წინ გაიტანეს, “ანტისანიტარიის წყარო” იყო და ადამიანებს ხელს უშლიდა გადაადგილებაში.
სანამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს გაიტანდნენ, მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა და ტერიტორიის დასასუფთავებლად კონკრეტული ვადა მისცა.
ფოტო: ქართლის ამბები / Qartli.ge