აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელი გადადგომისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელი გადადგომისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, წარმოშობით უკრაინელი ვიქტორია სპარცი(კულჰეიკო) გადადგომისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს. სპარცი ეჭვობს, რომ ერმაკი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს და კორუფციასთან ბრძოლასაც აფერხებს.

11 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში სპარცი წერს, რომ ბევრი ამერიკელი და ევროპელი ერმაკის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა და ის რომ მართლაც სახელმწიფო მოღვაწე იყოს, ჯერ კიდევ ზამთარში გადადგებოდა, რადგან უკრაინის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ იქნებოდა და ამან უკრაინის მზადყოფნა შეასუსტა. ვიქტორია სპარცი ანდრიი ერმაკს საეჭვო რეპუტაციის მქონედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სწორად მოქცევა და გადადგომა ახლაც შეუძლია.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის განცხადებითვე, უკრაინის არმიის მხარდასაჭერად საერთო ეროვნული ძალისხმევის ნაცვლად, კიევი, ერმაკის ხელმძღვანელობით პოლიტიკას თამაშობს. სპარცი ერმაკს ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაშიც მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა, შეამოწმონ ერმაკის სანდოობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ ვიქტორია სპარცის ქმედებებს და განცხადებებს უწოდა ამერიკულ პოლიტიკაში რუსული პროპაგანდისტული ნარატივების დაბრუნების მცდელობა. ბაიდენის ადმინისტრაციისადმი სპარცის მიმართვის შემდეგ, 9 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნიკოლენკო აღნიშნავდა, რომ ვიქტორია სპარცი ომის თემაზე სპეკულირებით ცდილობს დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას.

უკრაინაში 1978 წელს დაბადებული ვიქტორია კულჰეიკო (სპარცი) აშშ-ში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა, ინდიანის უნივერსიტეტი დაამთავრა და აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. 2020 წელს სპარცი გახდა წარმოშობით პირველი უკრაინელი, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის შემდეგ, ვიქტორია სპარცი სამშობლოში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

წყარო: radiotavisupleba.ge