ღარიბაშვილი ივანიშვილზე – “ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია” …
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის და ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს პერიოდული კომუნიკაცია აქვთ. ივანიშვილს ოპოზიცია ოლიგარქად მოიხსენიებს, ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ეს “აგორებული კამპანიაა”. ამის შესახებ ღარიბაშვილის სახელით, მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
– “პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი” – წერია ღარიბაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე წერილში ღარიბაშვილი ჰყვება, როგორ არიან საქართველოს მთავრობაში ის და მისი თანაგუნდელები, რომლებსაც ივანიშვილთან ჰქონდათ კავშირი.
როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია… რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია… რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს” – აღნიშნავს ღარიბაშვილი.
წყარო: accentnews.ge