“მიხაილოვის” საავადმყოფო არტცენტრი ხდება – რუსი ბიზნესმენის, შალვა ბრეუსის გეგმები საქართველოში

“მიხაილოვის” საავადმყოფო არტცენტრი ხდება – რუსი ბიზნესმენის, შალვა ბრეუსის გეგმები საქართველოში.

მიხეილის („მიხაილოვის”) საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა, რუსეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მედია, არქიტექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ყოფილი ჰოსპიტლის ეზოში შეკრიბა იმაზე სამსჯელოდ, როგორი იქნება აქ განთავსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

„ერთი თხოვნა მაქვს: ჩვენ ვართ კულტურის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე დღევანდელი დღიდან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალობას, მოქალაქეობას, განათლებას, სქესს და პოლიტიკურ ინტერესებს და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ კულტურის ტერიტორიად და ამ ტერიტორიაზე ვილაპარაკოთ მხოლოდ კულტურაზე”, – უპასუხა ჟურნალისტებს მილიონერმა შალვა ბრეუსმა 6 ივლისს მიხეილის საავადმყოფოს ეზოში. მედიას აინტერესებდა, რა მიზანი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ ხელოვნების მოყვარულ ბიზნესმენს, როცა თბილისის ცენტრში ისტორიულ შენობას ყიდულობდა – ხომ არ გადმოიტანა მან ამ გზით თავისი რუსული ფულის ნაწილი საქართველოში.

ბიზნესმენმა ეს შენობაც და მისი ბაღიც 21 მარტს აუქციონზე 16 მილიონ დოლარად იყიდა იმ პირობით, რომ აქ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს გახსნიდა და ამ საქმეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის იდეის პრეზენტაციაზე, რომელზეც ბიზნესმენი ქართულ-ინგლისურად საუბრობდა, მან თქვა, რომ შეეძლო მუზეუმი ვენეციაში ან ბრიუსელში გაეკეთებინა, მაგრამ როგორც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა, თბილისი არჩია. ის ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პოლიტიკური შეფასებებისთვის, მხოლოდ ის თქვა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობს კულტურის მინისტრს და რომ არც იმის შესახებ იცის რამე, რა ხდება ეროვნულ მუზეუმში.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომლის მოწყობასაც შალვა ბრეუსი გეგმავს თბილისში, საინვესტიციო პირობების მიხედვით, 2028 წელს უნდა გაიხსნას.

„ეს მუზეუმი იქნება არა ტაძარი, სადაც ადამიანი მოდის და ლოცულობს… ეს იქნება ახალგაზრდების სახლი – შენ შეგიძლია შემოხვიდე სკეიტბორდით ჩვენს მუზეუმში, დადო კედელთან, დაჯდე, გახსნა ლეპტოპი, იმუშაო და წახვიდე.

ჩვენ მუზეუმს მუზეუმს არ დავარქმევთ. მუზეუმს მუზეუმის სტატუსს აძლევს სახელმწიფო. ჩვენ ვიქნებით არტცენტრი. დამოუკიდებელი. მაგალითად, პომპიდუს მუზეუმი არის არტცენტრი, ჯოხთაბერიძის მუზეუმი არის მუზეუმი. ყველას აქვს თავისი არჩევანი. მე ვირჩევ არტცენტრს იმისთვის, რომ ვიყო ყველანაირი ბიუროკრატიისგან აბსოლუტურად თავისუფალი”, – ასე ახსნა თავისი ხედვა შალვა ბრეუსმა.

შალვა ბრეუსი თბილისში ჩამოსვლამდე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნას გეგმავდა მოსკოვშიც. 2012 წელს მოსკოვის ცენტრში მან გრძელვადიანი იჯარით იქირავა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კინოთეატრი “უდარნიკი”. ამ შენობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადასაქცევად გამოცხადებული იყო საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსიც, რომელშიც ბელგიურმა არქიტექტურულმა ბიურომ [Robbrecht en Daem] გაიმარჯვა 2014 წელს. ბიზნესმენი შენობის რესტავრაცია-ადაპტაციისთვის 30 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა, თუმცა მოსკოვის მთავრობამ 2015 წელს ეს შენობა აუქციონზე გაიტანა. შალვა ბრეუსმა მისი ყიდვაც სცადა, თუმცა საბოლოოდ არც ეს გამოვიდა.

წყარო: newposts.ge