“ჰიჯაბისა და უბიწობის ეროვნულ დღეს”, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება 12 ივლისს აღნიშნავს, არაერთმა ირანელმა ქალმა ჰიჯაბი საჯაროდ მოიხადა. ამ ფორმით მათ გააპროტესტეს კანონი, რომელიც ქალებს საზოგადოებრივ სივრცეში ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.
“რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი გამოცემის, “რადიო ფარდას” თანახმად, ირანელმა ქალებმა — და ზოგიერთ შემთხვევაში, კაცებმა — სხვადასხვა ფორმით გამოხატეს უკმაყოფილება სავალდებულო ჰიჯაბის მიმართ:
ზოგიერთ ვიდეოში ჩანან ქალები, რომლებიც თავშლებსა თუ შარფებს იხდიან და ქუჩაში ტოვებენ; ზოგიერთი ქალი მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩნდა ჰიჯაბის გარეშე, სხვებმა კი ჰიჯაბთან დაკავშირებით პერსონალური გამოცდილება გაუზიარეს სოც. ქსელების აუდიტორიას.
ირანში ქალებისათვის ჰიჯაბი 1979 წელს მომხდარი რევოლუციისა და ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ გახდა სავალდებულო. წლების განმავლობაში აღნიშნულ კანონს მრავალი ქალი ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება სხვადასხვა გზით.
ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.
მეორე მხრივ, “ამერიკის ხმის” სპარსულენოვანი ბიურო ახსენებს ცნობებს, რომელთა თანახმადაც ირანის დიდ ქალაქებში ე.წ. მორალის პოლიცია გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე.
აღნიშნულზე წერს “რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი გამოცემაც. მისი ინფორმაციით, ქალებს, რომელთაც ჰიჯაბის არასათანადოდ ტარებას ედავებიან, სამთავრობო უწყებებში, ბანკებსა და ტრანსპორტში არ უშვებენ, “მორალის პოლიცია სულ უფრო აქტიური და ძალადობრივი ხდება”.
სავალდებულო ჰიჯაბის საწინააღმდეგო კამპანია სწორედ ახლად გამოცემული ბრძანების ფონზე დაიგეგმა, 12 ივლისის დილიდან კი სოც. ქსელებში ქალთა წინააღმდეგობის ამსახველი ვიდეოები გამოჩნდა.
“დღეს 12 ივლისია და ჩვენ მოვიხადეთ ჰიჯაბი. არა ისლამურ რესპუბლიკას”; “ჰიჯაბისა და უბიწობის დღეს, მე ვეუბნები “არა”-ს სავალდებულო ჰიჯაბს… ისევე როგორც ათასობით სხვა ქალი ჩემს ქვეყანაში”, — ამბობენ ირანელი ქალები თავსაბურავის გარეშე გადაღებულ ვიდეოებში, რომელთაც აშშ-ში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადი ავრცელებს.
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, 12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი, ქალი საუბრობს შეზღუდვებზე ისლამური რესპუბლიკის პირობებში და იმედს გამოთქვამს, რომ კამპანიას კაცებიც შეუერთდებიან, “რათა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ ეს”.
“40 წელია, ჩაგვრის ქვეშ ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ვსუნთქავთ და ვარსებობთ; იმიტომ, რომ ხანდახან ფერადი შარფის გაკეთება ან უფრო მოკლე ქურთუკის ჩაცმა გვინდა. ხანდახან სიცხისგან ვართ შეწუხებულნი, როგორც დღეს. წამებულნი და დამცირებულნი ვართ, სასტიკად გვქცევიან”, — ამბობს ქალი.
სხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობების მსგავსად, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები სავალდებულო ჰიჯაბისადმი პროტესტის შემთხვევაშიც გარე ძალების ჩარევაზე მიანიშნებენ.
ხელისუფლების ამჟამინდელი ქცევა მიანიშნებს, რომ მისგან კომპრომისი, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის. თუმცა 12 ივლისის კამპანიამაც აჩვენა, რომ ცვლილებების მოსურნე მოქალაქეები ეგუებიან არსებულ სურათს.
“ახალგაზრდა თაობამ გაიარა მკაცრი ისლამური განათლება და ექვემდებარება სახელმწიფო პროპაგანდას „იდეალური ისლამური ცხოვრების წესის“ შესახებ.
მიუხედავად ამისა, ისინი მუდმივად და განუწყვეტლივ ირჩევენ განსხვავებულად ცხოვრებას, მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა”, – წერს “რადიო ფარდას” ჟურნალისტი მეჰრდად მირდამადი.