“დებიძინიზაციაზე” იუკნევიჩიანეს განცხადება “სამარცხვინოა”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე “სამარცხვინოს” უწოდებს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ 13 ივლისს გახმიანებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისიის მიერ ნახსენები “დეოლიგარქიზაცია” “დებიძინიზაციას” ნიშნავს.

“ქალბატონი რასას განცხადება იყო, უბრალოდ, სამარცხვინო.  ეს ერთი. მეორე — არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს პრაქტიკულად იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა.

არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები: არის, უბრალოდ, დამარცვლული სიტყვები და მათი სიტყვების დამარცვლა, მერწმუნეთ, საქართველოში არავის სჭირდება და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, ბუნებრივია, ყველაფერს.”, — თქვა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ საქართველო დღეს ერთი ადამიანის ტყვეობაშია.

“მე ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ “ქართულ ოცნებას” არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია ნახსენები, მე მათ დავეხმარები გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას.

ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება. [მათ სჭირდებათ], რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები”, — დასძინა მან.

დეოლიგარქიზაცია  ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებულ პირობებშია ნახსენები.

“განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით”, — ნათქვამია ტექსტში.

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას — ევროპარლამენტარი