უცნობის მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გია გაჩეჩილაძის („უცნობის”) მიერ „მთავარი არხის” ჟურნალისტების, სავარაუდოდ, ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის („უცნობის”) მიერ გავრცელებულ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული.

განცხადების თანახმად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია „მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ჩანაწერი „მთავარი არხის“ ოფისში, სამუშაო ოთახში 2021 წლის ნოემბერშია გაკეთებული. ის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულიცაა.

გაბუნია მოუწოდებს სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, უცხოელ დიპლომატებს, დაინტერესდნენ „მთავარ არხში“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით და სწორედ მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება, რადგან გიორგი გაბუნიას თქმით, საქართველოში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო.

14 ივლისს მედიის ადვოკატირების კოალიციამ „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა.

წყარო: newposts.ge