“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ხაზარაძე-ჯაფარიძეს “თიბისი ბანკიდან” დივიდენდების მიღება აეკრძალათ. საქმე ეხება “თიბისის” ბრიტანელი აქციონერის სარჩელს, რომლითაც ეს უკანასკნელი ათეულობით მილიონს ითხოვს ბანკის დამფუძნებლებისგან.
იან მალკოლმ ჰოფმა, რომელიც “თიბისის” ბრიტანელი აქციონერია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. აღნიშნული სარჩელი წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმისა, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა მათ 2007-08 წლებში $16 664 000 -ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებოდა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალი თაღლითობაზე გადააკვალიფიცირა.
იან მალკოლმ ჰოფის ადვოკატის, დიმიტრი ტორაძის განცხადებით, მისი კლიენტი , რომელიც 2022 წლის იანვრიდანაა “თიბისი ბანკის” აქციონერი, ითხოვს, ზემოხსენებული $16 664 000 ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან “დაბრუნდეს” ბანკის კაპიტალში. ის ასევე მოითხოვს იმ შემოსავლის დაბრუნებას, რომელიც, მალკოლმ ჰოფის მტკიცებით, ბანკმა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიზეზით დაკარგა. ჯამში, საუბარია $50 მილიონამდე თანხაზე.
გარდა ზემოხსენებული მოთხოვნისა, ტორაძის თქმით, ბრიტანელმა აქციონერმა სასამართლოს სთხოვა, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საქმის არსებითად გადაწყვეტამდე დაეყადაღებინა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი გასაცემი დივიდენდები [მოგების ნაწილი, რომელსაც იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად].
დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად მიიჩნევს, თავად საქმეს კი — სამართლებრივ აბსურდად. მისი თქმით, მალკოლმ ჰოფი არა საქართველოში მოქმედი სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკის”, არამედ ბრიტანული იურიდიული პირის, “TBC Bank Group TLC”-ის აქციონერია. კორძაძის თქმით, “TBC Bank Group TLC”-ში ფლობენ აქციებს ხაზარაძე-ჯაფარიძეც, თუმცა სააქციო საზოგადოებაში — აღარ.
შესაბამისად, ადვოკატს არ ესმის: რატომ მიმართა მალკოლმ ჰოფმა საქართველოს სასამართლოს, როცა როგორც თავად, ისე ხაზარაძე-ჯაფარიძე, აქციებს ბრიტანეთში მოქმედ იურიდიულ ერთეულში ფლობენ; რატომ მოითხოვა მან სააქციო საზოგადოებიდან ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის დივიდენდების მიწოდების არკძალვა, როცა ამ უკანასკნელში აღარც ხაზარაძე და აღარც ჯაფარიძე აღარ ფლობენ აქციებს.
“საქმე ის არის, რომ ე.წ. აქციონერმა შეიტანა სარჩელი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ [და] თქვა, რომ ის არის სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის აქციონერი. მოითხოვა დივიდენდის გაცემის აკრძალვა.
მას წარმოდგენილი აქვს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მან აქციები შეიძინა ბრიტანულ იურიდიულ პირში. შესაბამისად, როგორ გავარკვიეთ, ის არ არის სააქციო საზოგადოების აქციონერი და არც ყოფილა. ამასთან, მამუკაც და ბადრიც არ არიან ამჟამად [სააქციო საზოგადოება] თიბისი ბანკის აქციონერები და, შესაბამისად, იქ ვერც ვერანაირ დივიდენდს ვერ მიიღებენ.
ამიტომ, გამოტანილი განჩინება დივიდენდის აკრძალვაზე არის აბსურდი, რადგან სარჩელი და მოთხოვნა შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ იმ პირების მიმართ, რომელთაც ისედაც არანაირი დივიდენდი თიბისი ბანკიდან არ ეკუთვნით და არც მიიღებენ სააქციო საზოგადოებიდან. ეს გავასაჩივრეთ ჩვენ სასამართლოში”, — ეუბნება კორძაძე “ნეტგაზეთს”.
იან მალკოლმ ჰოფის ადვოკატი აღნიშნულ რიტორიკას არ იზიარებს. მისი თქმით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა საჯარო წყაროებში ნანახი ინფორმაციით იყო განპირობებული. ამასთან, ადვოკატის თქმით, თიბისი ბანკს 100 დღეზე მეტი ხნის წინ მიმართა და “თიბისის არსად არ უთქვამს, მამუკა ხაზარაძე ჩვენი აქციონერი არ არისო”.
“ეს ინფორმაცია, [რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე აღარ არიან სააქციო საზოგადოების აქციონერები] დადასტურებულად თუ მოგვეწოდება, ამას თიბისიც დაადასტურებს და თიბისის რეგისტრატორიც დაადასტურებს, ჩვენ ვნახავთ მათ პოზიციებს და სუფთა სამართელბრივად [ვუპასუხებთ]”, — დასძენს დიმიტრი ტორაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
რაც შეეხება ზვიად კორძაძის ნათქვამს, რომ იან მალკოლმ ჰოფი ბრიტანეთის “TBC Bank Group TLC”-ში ფლობს აქციებს და არა სააქციო საზოგადოებაში, ტორაძე დასძენს:
“დღემდე ყველამ ვიცით, რომ 2014 წლიდან “თიბისი ბანკის” აქციები არის ლონდონის ბირჟაზე და ამ აქციებით ვაჭრობს “TLC”, რადგან “თიბისი” არ არის იქ ბირჟის მოთამაშე წევრი და არც ლიცენზირებული ბროკერი.
ძალიან მისაღები ფორმაა, რომ ვიყო რაღაც საფინანსო ინსტიტუტი და მყავდეს ჩემი საბროკერო აგენტი, რომელიც ჩემი აქციების მომსაურებებს აკეთებს. თუ ამაზეა საუბარი, ჩვენ ამას სხვანაირად ვხედავთ და სხვანაირად დავასაბუთებთ… გვირჩევნია, დოკუმენტს გავეცნოთ”.
ე,წ. თიბისი ბანკის საქმეს, რომელიც იან მალკოლმ ჰოფის სარჩელის საფუძველი გახდა, როგორც მამუკა ხაზარაძე, ისე ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და უარყოფენ და ყველა ბრალდებას.