“ახლა კიდე უცხოპლანეტელებზე ვისაუბროთ?” – გოგაშვილის დოკუმენტების ფიგურანტი.
სოსო გოგაშვილის დოკუმენტების ფიგურანტი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ფორმულასთან ამბობს, რომ თავის მართლებას არ აპირებს.
– “ახლა კიდე უცხოპლანეტელებზე უნდა ვისაუბროთ, ხო, გაყალბების ამბავში? რომელი ოფიციალური დოკუმენტებია, არ გადამრიოთ, გოგაშვილის გაკეთებული დოკუმენტი რაღაცა? უცხოპლანეტებელი ჩამოვიყვანე კიდე ზემოდან, რომ გლდანში ამომრჩევლების რაოდენობა გამეზარდა.
მტკიცების ვალდებულება ჩემზე რატო არის, ამიხსენით. ვიღაცამ რაღაცა შემითითხნა და მე ვამტკიცო, რომ არაო? ვიღაცამ მითხრას, ჩაიდანო ხარო და არ ვარ მეთქი, ვამტკიცო მაგი?” – თქვა მიქაუტაძემ.
მასალებიდან სქრინის მიხედვით, ბექა მიქაუტაძე ერთ-ერთ პატიმარზე წერს, რომ თუ მას გლდანის #8 ციხიდან ქსნის ზონაში გადაიყვანენ, “გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებასა და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას” მოახერხებენ.
დღეს, 22 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა გამოაქვეყნეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება.
წყარო: exclusivenews.ge