რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი – დნესტრისპირეთის სურვილი, გახდეს რუსეთის ნაწილი, სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, ეს არ არის შორეული მომავლის საკითხი.
დნესტრისპირეთის სურვილი, გახდეს რუსეთის ნაწილი, სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. ეს არ არის შორეული მომავლის საკითხი, არამედ „მიმართულება უახლოეს მომავალში“ – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ბელიკმა განაცხადა.
როგორც ბელიკმა განმარტა, დღეს დნესტრისპირეთი არის მოლდოვის ის ანკლავი, რომელსაც არ სურს რუმინეთთან ყოფნა და ამავე დროს, სიამოვნებით უმასპინძლა რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტს.
გარდა ამისა, რუს დეპუტატს მიაჩნია, რომ დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვები უნდა განიხილებოდეს არა როგორც მოდური ტენდენცია და ვინმესთან შეერთების სურვილი, არამედ როგორც მოსახლეობის ნების გამოხატვა.
ბელიკის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მოლდოვა ნატო-ს წევრობის პოტენციური კანდიდატია.
მანამდე, არაღიარებული დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტალი იგნატიევმა რეგიონის დამოუკიდებლობის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2006 წლის რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტერიტორია რუსეთს უნდა მიუერთდეს.
წყარო: 1tv.ge