ჩვენ ვერ დავეყრდნობით „გაზპრომის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.
„მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება არ არის საკმარისი. რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს Nord Stream 1-ის გაზსადენის გათიშვას.
ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსეთმა დღეს გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მეშვეობით გაზის მიწოდება განაახლა.
გაზის მიწოდება იმავე მოცულობით ხორციელდება, რაც ტექნიკური სამუშაოების დაწყებამდე იყო – დაახლოებით 67 მილიონი კუბური მეტრი დღეში. ეს გაზსადენის მაქსიმალური სიმძლავრის 40%-ს შეადგენს.