საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ, ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ამის გამო, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ., – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის LIVE“-ის ეთერში.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება. გარწმუნებთ, მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. მაგრამ აქაც გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის. მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.