ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის კონფლიქტის გამო მოსალოდნელი ბირთვული ომის შესახებ გაფრთხილება გააკეთა. ლუკაშენკომ მოუწოდა დასავლეთს, უკრაინას და რუსეთს, შეწყვიტონ კონფლიქტი, რათა თავიდან აიცილონ მოახლოებული ბირთვული ესკალაცია.
„ჩვენ უნდა შევჩერდეთ და შევთანხმდეთ, რომ დავასრულოთ ეს ქაოსი, ეს ოპერაცია და ომი უკრაინაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ“, – დასძინა ბელორუსის პრეზიდენტმა,- “რადგან ატომური ომის უფსკრულთან ვდგავართ”. ვითარება აქამდე არ უნდა მივიდეს აღნიშნა – ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის შეფის – ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა.
ლუკაშენკომ უკრაინის მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული. ამჟამად არსებობს შესაძლებლობა რომ “ომი დასრულდეს უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით”. მან უკრაინას მოუწოდა „დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და თანხმობა გამოაცხადოს იმაზე, რომ ის არასოდეს დაემუქრება რუსეთს“.
ლუკაშენკომ პასუხისმგებლობა უკრაინის კონფლიქტის სამხედრო ესკალაციაზე დასავლეთს დააკისრა, რამაც ამ სამხედრო კონფლიქტის „პროვოცირება გამოიწვია“ და განაგრძობს მის გაღვივებას. მისი თქმით, რუსეთმა ნატოს საფრთხეს უპასუხა. „რუსეთს ნატოსთვის რომ არ დაესწრო, თქვენ (დასავლეთის ქვეყნები) ძალებს მოიკრებდით და რუსეთს დაარტყამდით“, – თქვა ბელორუსის მმართველმა.
ლუკაშენკო, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ოპოზიციის ჩახშობის გამო, თავის ქვეყანას თავისივე სიტყვებით „ავტორიტარულად“ ხედავს, მაგრამ არა დიქტატურად. „დიახ, ჩვენი სისტემა უფრო მკაცრია, არ მინდა გამოვრიცხო სიტყვა ავტორიტარული“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. “მაგრამ, ეს არ არის დიქტატურა”.
ამასთან, ლუკაშენკომ უარჰყო, რომ ბელორუსიაში პოლიტპატიმრები არიან. ციხეში მყოფი ასობით ოპოზიციონერის, აქტივისტის, ჟურნალისტისა და დემონსტრანტის შესახებ კითხვაზე, მან თქვა, რომ ისინი უბრალოდ “სავარაუდო ოპოზიცია” არიან. აღნიშნული პირები “აჯანყდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ”.
67 წლის ლუკაშენკომ დასძინა, რომ 2020 წლის აგვისტოში მისი ხელახალი არჩევის წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც მან ჩაახშო, იყო “უცხოური დაფინანსებით” შეთქმულება, მისი ქვეყნის წინააღმდეგ.
2020 წლის ზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ლუკაშენკო ოფიციალური ინფორმაციით ხელახლა აირჩიეს, ბელორუსიაში კვირების განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები იმართებოდა სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა საპროტესტო აქციები ძალადობრივად ჩაახშო.
ათასობით ადამიანი დააკავეს ან გაიქცა საზღვარგარეთ. ამ უკანასკნეთა რიცხვში შედისა ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად წარსდგა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაპატიმრებული თავისი ქმრის ნაცვლად.