საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ესკო) თანახმად, მაისსა და ივნისში ქვეყანამ ელექტროენერგიის გაყიდვით რეკორდული, 53.8 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 15.7 მილიონზე, 242.3%-ით მეტია.
კერძოდ, მაისში საექსპორტო ღირებულებამ 23.6 მილიონი, ივნისში კი – 30 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე, ძირითადად, სამი თვის განმავლობაში, მაისში, ივნისსა და ივლისში გააქვს, თუმცა წელს მხოლოდ 2 თვეში მიღებული შემოსავალი აჭარბებს ყველა წინა წლის ცალკე აღებულ შემოსავალს.
ესკოს მონაცემებით, 2022 წლის მაისსა და ივნისში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის, 620.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, 326.5 მლნ კვტ.სთ-ზე, თითქმის 90%-ით მეტია. ქვეყნის მთავარი საექსპორტო პარტნიორები კი თურქეთი და სომხეთი არიან.
ექსპორტის ზრდა, დიდწილად, ელექტროსადგურების მომატებული გამომუშავების შედეგია. 2022 წლის ივნისში სადგურების საერთო გენერაციამ 1.48 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.32 მლრდ კვტ.სთ-ზე, 12.2%-ით მეტია და ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
გენერაციის ზრდას, თავის მხრივ, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროსადგურის, ენგურჰესის რეაბილიტაციასთან ერთად, ზაფხულის სეზონზე წყალუხვობა იწვევს. საქართველოს გამომუშავების 99%-ზე მეტი ჰიდროენერგიაზე მოდის, დანარჩენს კი თბოსადგურები და ქართლის ქარის სადგური იყოფენ. სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის სიჭარბე ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, გაყიდოს ის ქვეყნის გარეთ და ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღოს.