ჩხრეკა 8 სახლსა და 4 მანქანაში – რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე? – – განახლებადი ინფორმაცია!
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 ივლისს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ის სუს-ის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს და ბრალდება სამი მუხლით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინეს, რაც სასჯელად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამის გარდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გოგაშვილის ქონებაც, რომლის თაობაზეც სუს-ის განცხადებაში გამახვილდა ყურადღება.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა“.
“ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქონებით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე: როგორ შეძლო ერთმა უქონელმა ადამიანმა “ქართული ოცნებით“ ხელისუფლებაში მოსულმა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ამხელა ქონების დაგროვება? ქადაგიშვილმა უპასუხა:
“ეს ქონება არაკანონიერია თუ კანონიერი, გადაწყვეტილება შესაბამის გამოძიებას მივანდოთ. ნურც თქვენ დაუსვამთ ვერდიქტს მის ქონებას და არც მე გამოვუტან ამას ვერდიქტს“.
ფაქტია, გოგაშვილის ქონებითა შემოსვალებით ქართული მედია ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინტერესდებოდა.
ქონებრივი დეკლარაცია გოგაშვილს ბოლოს 2019 წელს აქვს შევსებული. მოდით, ვნახოთ რა წერია დეკლარაციაში:
გოგაშვილის დაკლარაციაში ოჯახის წევრებიდან მოხსენიებული ჰყავს უმცროსი შვილი პეტრე, რომელიც ახლა ათი წლის არის და მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი. მას, პეტრეს გარდა, ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს – ნინი და ნიკოლოზი, რომლებიც მამის დაკავების შემდეგ მედიასთან ოჯახის სახელით განცხადებებს ხშირად აკეთებენ.
დაკლარაციაში გოგაშვილის მეუღლის თეა მარტყოფლიშვილის სახელზეა ლისზე მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალმა 2017 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.
იოსებ გოგაშვილმა 2016 წელს, ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარე 261 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად შეიძინა, თუმცა ნაკვეთისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 160,73 კვ.მ. ფართობის სახლში კი, გოგაშვილმა 75 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2000 წელს იოსებ გოგაშვილს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქი ნაგომრებზე 12 502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც 2019 წელსაც მის საკუთრებაში იყო.
თეა მარტყოფლიშვილმა 2016 წელს მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა პრადო” 37 400 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილს 2019 წელს საკუთრებაში მანქანა არ ჰქონია.
დეკლარაციის შევსების დროს, გოგაშვილს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 11 500 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 2000 დოლარი.
თეა მარტყოფლიშვილს სახელფასო ანგარიშზე კი 7 ათასი ლარი იყო.
ცოლ-ქმრის სახელზე “საქართველოს ბანკში” ფიქსირდებოდა ხუთი სამომხმარებლო სესხი – 50 000 ლარის, 27 540 ლარის, 25 000 ლარის, 20 410 დოლარის, 76 500 დოლარის ოდენობით. სამი სესხი ცოლ-ქმარმა 2017 წელს, ორი კი, 2016 წელს აიღო სახლისა და მანქანის შესაძენად.
2018 წელს იოსებ გოგაშვილმა შვილის სწავლის გადასახადში 5000 დოლარი და 1125 ლარი დახარჯა. წყარო
რა აქვს გოგაშვილს რეალურად?
რეალურად რა ქონებას ფლობს გოგაშვილი, დაბეჯითებით ამის თქმა რთულია, თუმცა სუს-ის განცხადებიდან როგორც გავიგეთ, ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილთან დაკავშირებულ 8 სახლსა და 4 ავტომანქანაში.
როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები, ამის თაობაზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაატარეს “რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S- ის ჟურნალისტებმა, რომლის თანახმადაც, იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით რაიმე ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად გამოჩნდა 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთები, ხოლო საჯარო სექტორიდან წლიურმა შემოსავალმა თითქმის 215 000 ლარი შეადგინა.
იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა. “საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახში იყო 4 წევრი და იღებდნენ 102 ლარს, ამის შემდეგ ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა, იყო 5 წევრი და იღებდნენ 126 ლარს“, – ამბობდა 2017 წელს ჭიაბერაშვილი.
გენერალურ ინსპექციაში თანამდებობაზე მუშაობისას, 2012-2014 წლებში, იოსებ გოგაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 81 276 ლარი აიღო.
2015 წელს, როდესაც იგი ჯერ შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, იოსებ გოგაშვილის წლიური ანაზღაურება 136 273 ლარი იყო. 2016 წელს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 142 610 ლარი შეადგინა.
იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი 2012 წელს არსად მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 000 ლარი იყო.
2014 წელს იგი იმავე სახელმწიფო საწარმოს დაქვემდებარებულ სს “გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად, ხოლო მისი ანაზღაურება 2,6-ჯერ გაიზარდა და 31 318 ლარს მიაღწია.
2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, მისი შრომის წლიური ანაზღაურება კი 59 280 ლარი გახდა.
2016 წლის განმავლობაში თეა მარტყოფლიშვილს სამსახურებრივი პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდა და წელიწადში 72 158 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 013 ლარი შეადგინა, რაც თითქმის მინისტრების ხელფასს უტოლდებოდა.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ქონებრივ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2014 წლების დეკლარაციების მიხედვით, იოსებ გოგაშვილის ოჯახს რაიმე სახის ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა. საინტერესოა, რომ 2014 წლის დეკლარაციაში ჩნდება ინფორმაცია, რომ მისი ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შსს-ს გენინსპექციაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და ხელფასის სახით აიღო 13879.29 ლარი.
2015 წელს გოგაშვილმა დეკლარაცია, როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ისე შეავსო, რომელშიც ნინო გოგაშვილი უკვე მოხსენიებულია, როგორც ავტომანქანა “მერსედეს ბენცი მლ320” -ის მფლობელი.
2016 წლის დეკლარაციაში იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში ჩნდება დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში (შირაქი) მდებარე 12 502 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. საინტერესოა, რომ 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ეს ნაკვეთი 2000 წელს გადავიდა გოგაშვილის მფლობელობაში, თუმცა მანამდე არცერთ დეკლარაციაში ეს ნათქვამი არ არის, მეტიც, ეს ნაკვეთი მხოლოდ 2016 წელს ჩნდება გოგაშვილის დეკლარაციაში. გარდა ამისა, მის შვილს ნიკოლოზ გოგაშვილს ასევე სოფელ ზემო მაჩხაანში ერიცხება 3 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1 715 კვ.მ-ს. აღსანიშნავია, რომ იმავე წლის მონაცემებით, იოსებ გოგაშვილს ნაღდი ფულის სახით უკვე ჰქონდა დანაზოგი 85 000 ლარის, ხოლო მის მეუღლეს კი – 25 000 ლარის ოდენობით.
2017 წელს, დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 75 000 აშშ დოლარად შეიძინა სახლი ქალაქ თბილისში, ავთო ვარაზის ქ. №91-ში, მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის რემონტიც 60 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ამასთანავე, იოსებ გოგაშვილმა შეიძინა 25 000 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი და საოჯახო ტექნიკაც, ხოლო მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა – 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა “ტოიოტა პრადო“, რომელშიც 37 400 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონების შესაძენად იოსებ გოგაშვილმაც და მისმა მეუღლემაც საბანკო სესხი აიღეს.
2017 წელს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პროკურატურას მიმართა სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით.
2018 წელს დეკლარაციის თანახმად, არსებითი ცვლილება გოგაშვილის ქონებაში არ ყოფილა.
“რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S- ის 2017 წლის გამოძიების თანახმად, სოსო გოგაშვილის ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში გადაფორმდა მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი მაჩხაანში; ასევე მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა. “რუსთავი 2“-ის სიუჟეტის თანახმად, გოგაშვილის ცოლისდა მკერავია იყო და იმჟამად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
წყარო: itv.ge