გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე – როცა შუამავლობას კისრულობ, ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს

როდესაც შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული – მისი[სალომე ზურაბიშვილის] ბოლო კომენტარები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის შეფასებით, ის შეცდომები, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა, მის ავტორიტეტს პოზიტიურად არ წაადგება.

„სალომე ზურაბიშვილი აყენებს წინადადებას, რომ თავად ჩაუდგება დეპოლარიზაციის პროცესს სათავეში. ასეთი მცდელობა ჰქონდა, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე რევოლუციური პროცესების განვითარების მცდელობა თვალსაჩინო იქნებოდა.

ორი სერიოზული ფაქტი უნდა გაითვალისწინოს მან და საზოგადოებამ, ვისაც ასე გულუბრყვილოდ წარმოუდგენია, რომ ეს მართლაც შესაძლებელია. ეს არის საკონსტიტუციო მოთხოვნებით განსაზღვრული მისი საქმიანობის ფორმატი და პიროვნული რესურსი.

როდესაც, შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული, მით უმეტეს არც შეცდომები გაქვს დაშვებული, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, თუნდაც ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მის გამონათქვამებს თუ მივიღებთ მხედველობაში.

ჩვენ ასევე გვახსოვს ხისტი, უცენზურო გამონათქვამები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მის მიმართ მასზე ზეგავლენის, ან ბულინგის მოპოვების მიზნით. ის შეცდომები, რაც ჩვენ აშკარად დავინახეთ, რა საკვირველია, მის ავტორიტეტს პოზიტიურად არ წაადგება.

პიროვნული განწყობის მიუხედავად, არ შემიძლია, ვერ დავაყენებ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. მისი[სალომე ზურაბიშვილის] ბოლო კომენტარები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა. თუნდაც, რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს და პრორუსული ნიშნები აქვს ხელისუფლებას, ან თითქოს, ევროკავშირთან ისეთი დაპირისპირება გაგვაჩნია, რაც ვერ გამოსწორდება, მთელი რიგი შეფასებები“,- აღნიშნავს გია ვოლსკი.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება „ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ“. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს.