ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.
გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის“ რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა: კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.